საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის პოსტს ეხმაურება.
როგორც თინათინ ბერძენიშვილის პოსტშია აღნიშნული, შემაშფოთებელია, რომ დმანისის შემთხვევა არ არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტების მიმართ აგრესიის პირველი ინციდენტი. ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამგვარი საკითხების დროული გამოძიება მოხდება.
თავის მხრივ, ევროპის მაუწყებელთა კავშირი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებს თავიანთი საქმის უსაფრთხოდ შესრულება უნდა შეეძლოთ.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმების გამო. მედიის თავისუფლება აუცილებელია დემოკრატიისთვის და მედიას უნდა შეეძლოს თავისი საქმის შესრულება უსაფრთხოდ“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
დმანისის შესასვლელთან 17 მაისს საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს მომხდარი. ასევე მიმართა სახალხო დამცველს, ფაქტზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
დმანისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“. როგორც „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად და საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები და უზრუნველყოს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.