რელიგია
ანტიოქიის პატრიარქმა დამასკოში ასლან ბჟანიას უმასპინძლა

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა იოანე X-მ აფხაზეთის ლიდერს, ასლან ბჟანიას 18 მაისს დამასკოში საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.

ანტიოქიის საპატრიარქოს ცნობით, ბჟანია და აფხაზური დელეგაცია დამასკოში მდებარე მარიამიტის საკათედრო ტაძარსაც ესტუმრნენ, სადაც აფხაზეთის ლიდერმა „ორი ქვეყნის მშვიდობისა და წარმატებისთვის“ სანთელიც დაანთო. ამასთან, ანტიოქიის საპატრიარქოს განცხადებაში ბჟანია „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტადაა“ მოხსენებული.

ასადის სირიამ ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა, თუმცა ანტიოქიის საპატრიარქო ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად აფხაზეთს ოფიციალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად – ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიად – მიიჩნევს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიერ აფხაზური დელეგაციის მიღებას „უცნაური ფაქტი“ და „ნეგატიური მოვლენა“ უწოდა, რაზეც მისივე თქმით, საპატრიარქოს „რეაგირება ექნება“. „თუმცა, მანამდე, საჭირო არის გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების“, – დასძინა მანვე.