საზოგადოება
გიორგი კანაშვილი - დმანისში შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის შეფასებით, დმანისში განვითარებული მოვლენების დროს, „ორივე დაპირისპირებული მხარე ცოდავდა“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე „რეაგირება დააგვიანა“.

როგორც გიორგი კანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანაში სტრუქტურული პრობლემებია, დამნაშავე კი სახელმწიფო და პოლიტიკური ელიტაა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაღაც თვალსაზრისით აშკარად დაიგვიანა. თვითონ გომელაურმაც აღიარა, იქ ისეთი ლანდშაფტია, რომ ხალხმა „აქედან მოუარა, იქიდან მოუარაო“ - ამას უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურები, თუმცა ეს არ არის ამ ტიპის პირველი შეცდომა, რაც ჩვენი სტრუქტურების არც თუ ისე გამართულ მუშაობაზე მიუთითებს. გახსოვთ, სრული კატასტროფა, ბევრად უფრო საშინელი იყო პანკისში განვითარებული მოვლენები.

ასე რომ, პირველი, რეაქცია დაგვიანებული იყო. მეორე, რაც შეეხება ადამიანის დიდი ჯგუფის დაჭერას და დასჯას. მე ზოგადად, არ ვარ იმის მომხრე, რომ დასჯა ეფექტური მექანიზმია, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის ძალადობა იყო, აუცილებელია შესაბამისი რეაქცია, კადრებიც გავრცელდა, რა სისასტიკით ხდება ადამიანების ერთმანეთზე ფიზიკური გასწორება, ეს ხომ არ იყო სიტყვიერი? რასაც ვუყურებდი, ობიექტურად ორივე მხარე ცოდავდა.

აქ მთავარი სტრუქტურული პრობლემებია, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. რთული რეგიონია, თუ ვინმე არის დამნაშავე, არის სახელმწიფო და პოლიტიკური ელიტა - იმდენ ხანს გაგრძელდა პოლიტიკური კრიზისი, რომ პოლიტიკური ელიტა ყველაფერზე საუბრობს, გარდა იმისა, რაც მოსახლეობის რეალური საჭიროებებია“, - აღნიშნა კანაშვილმა.

როგორც პოლიტოლოგმა განმარტა, დმანისში განვითარებული მოვლენები სიღრმისეულ პრობლემებზე მიუთითებს და სირაქლემას პოზიციაა საუბარი იმაზე, რომ დაპირისპირების მიზეზი მხოლოდ ყოფითი ხასიათისაა.

„რაც შეეხება გუშინდელ შერიგებას, ეს პროცესების გაყინვაა, დროებითი ჩახშობა. ცოტა სირაქლემის პოზიციაა, რომ მხოლოდ ყოფითი პრობლემაა. ყველგან ხდება გაუგებრობა საყოფაცხოვრებო საკითხებზე, მაგრამ დმანისში მომხდარი კარგად აჩვენებს, რომ პრობლემა სიღრმისეულია.

კლასიკური გაგებით ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი არ იყო, მაგრამ ეთნიკური შეფერილობა აქვს. ამიტომ, შესაბიმისი სამინისტროები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ელიტა უნდა საუბრობდეს ამაზე. თუ დროზე არ დალაგდება ჩვენი პოლიტიკური ელიტა, გარწმუნებთ არაფერი გამოვა“, - აღნიშნავს კანაშვილი.

ინტერპრესნიუსი