საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმიანება დმანისში განვითარებულ მოვლენებს, გმობს ყველა სახის ძალადობას და უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სტაბილური და მშვიდი გარემოს შენარჩუნებას რეგიონში.
პირველი არხის მიზანი ყოველთვის არის საზოგადოებაში პოზიციების დაახლოება და არა დაპირისპირება, მხარეების შერიგება და არა კონფლიქტის გაღვივება/ხელშეწყობა. რაც მთავარია, ობიექტური გაშუქება და პოლარიზებულ მედიაგარემოში საზოგადოებისთვის სრული სურათის ჩვენება.
თუმცა ასევე უმნიშვნელოვანესია, იდენტიფიცირებული იყოს და კანონის მოთხოვნის შესაბამისად დაისაჯოს ყველა, ვინც 17 მაისს, დმანისში, ფიზიკურად გაუსწორდა საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს მომხდარი. ასევე მიმართა სახალხო დამცველს, ფაქტზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაუწყებლის თანამშრომლები პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაშავდნენ. 2020 წელს მარნეულში, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირების დროს, ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა და კამერა დაუმტვრია, თუმცა შემთხვევა დღემდე არ არის გამოძიებული.
საზოგადოებრივი მაუწყებელი იმედს იტოვებს, რომ მსგავსი შემთხვევები არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე.