საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. დმანისში მომხდარ დაპირისპირებას 17 მაისს დიასპორის საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტი გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ ინციდენტი „მიზანმიმართულად ორგანიზებული პროვოკაცია“ ყოფილიყო.
„რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სამამულო ომში [მთიანი ყარაბაღის მეორე ომი] აზერბაიჯანის ისტორიული გამარჯვება, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების მდგრადი განვითარება კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მტრების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტმა.
კომიტეტმა „თანამემამულეებს“ – ქართველ აზერბაიჯანელებს – მოუწოდა, „თავშეკავებით“ და ფრთხილად მოიქცნენ, არ წამოეგონ პროვოკაციებს და ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობა დაიცვან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომიტეტი დმანისის ინციდენტს „ფხიზლად“ უდგება და „ყურადღებით“ აკვირდება.