საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ 18 მაისს განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელევიზიის უძრავი ქონება სრულად დააყადაღა.
კოჟორიძის თქმით, მომჩივანი მხარე ტელეკომპანიის მოძრავი ნივთების დაყადაღებასა და „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისთვის „გარკვეული უფლებამოსილების“ შეზღუდვასაც ითხოვდა, თუმცა „სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა“ და ამ ნაწილში დამფუძნებლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
თავის მხრივ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ტელევიზიის კუთვნილი ქონების დაყადაღებაზე სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას შესახებ გადაწყვეტილებას მისი დასაბუთებული ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღებენ.
საჯარო რეესტრის ბოლო, 21 მარტის ამონაწერით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იან წილს ქიბარ ხალვაში ფლობს, 40% კი – „შპს პანორამას“ საკუთრებაა, რომლის 100%-იანი წილი ასევე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში „რუსთავი 2“ და სააგენტო „პრაიმ ტაიმი“ სს „მედია ჰოლდინგის“ ქვეშ გაერთიანდა, რომლის 90%-ს „პრაიმ ტაიმი“, 10%-ს კი – „რუსთავი 2“ ფლობს.
დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებისთვის სასამართლოს 2019 წლის ოქტომბერში მას შემდეგ მიმართეს, რაც უარი თქვეს ტელეკომპანიის 40%-იან წილზე, რომელსაც მათ არხის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში სთავაზობდათ. მათი მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ ტელეკომპანიის 60%-იანი წილი 2019 წლის ოქტომბერშივე დააყადაღა.
ქიბარ ხალვაში 2015 წელს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე დაწყებული სასამართლო დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, ტელეკომპანიის დამფუძნებლებს წილის 50%-ის გადაცემას, დავით დვალს კი – გენერალურ დირექტორად დანიშვნას დაჰპირდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივლისში ძმებ ყარამანიშვილებთან სასამართლო დავა საბოლოოდ მოიგო და „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გაიფორმა, პირობა აღარ შეასრულა.
Civil.ge