სამართალი
გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდა

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ტენდენციების შესწავლის საფუძველზე მიიღო. მისივე თქმით, გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა ღამის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე. კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ანუ მათ თავიდან არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.