სამართალი
დიპლომატიური მისიები ლგბტქი პირების უფლებების თანაბარი დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საქართველოში დიპლომატიური მისიების ჯგუფმა 17 მაისს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა და ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისინი ერთიანდებიან, „რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად“.

განცხადების ხელმომწერებს შორის არიან: საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები, ასევე საქართველოში ევროსაბჭოს ოფისისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები.

აღნიშნეს რა, რომ ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან „მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით“, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ COVID-19 პანდემიამ უფრო დაუცველნი გახადა ლგბტქი+ პირები.

„მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, მათი პასუხისმგებლობის სფეროებში განათლებისა და ხელმძღვანელობის გზით, მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციასა და სტიგმასთან ბრძოლას, მათ შორის ძალადობის თავიდან აცილების გზით, პატივისცემით და თანაგრძნობით განწყობილი საჯარო დისკურსის მიღებით,[4] დანაშაულის გამოძიებითა და სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემით, და ლგბტქი+ ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობის ხელშემშლელ ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფი მიესალმა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ლგბტქი+ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია. „2014 წლის მაისში საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც ემყარება კონსტიტუციაში მოცემულ თანასწორობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე“, – აცხადებენ მისიების წარმომადგენლები. ამ კონტექსტში, დიპლომატიური მისიები მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ ტრანსგენდერი პირის სამართლებრივ აღიარებას 2021 წელს.

ამის შემდეგ, დიპლომატიურმა მისიებმა მოუწოდეს „ყველა შესაბამის უწყებას მიიღოს მტკიცე ზომები, რათა დასრულდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმა“.