პოლიტიკა
საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. ვიზიტი ივნისის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.

უკრაინის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორი ქვეყნის ერთიანი ძალისხმევა საერთო მიზნების – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების გამო და კვლავ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა.

„მხარეები მიესალმნენ ევროინტეგრაციის საკითხებზე სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმებას და გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ეკონომიკურ და სექტორულ დაახლოებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გააქტიურებისა და გაღრმავების შესაძლებლობები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უკრაინა ინარჩუნებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მოწინავე ადგილს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომში გააქტიურებისთვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის დადებით პრაქტიკას.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ევროკავშირთან არსებული შესაძლებლობების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით. კმაყოფილებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დინამიკა, ასევე ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებისა და ამ მიმართულებით შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიესალმნენ კიევისა და თბილისის ძალისხმევას, ნატო-ს მომდევნო სამიტზე სათანდად იქნას ასახული ორივე ქვეყნის ინტეგრაციული მიზნები.

უკრაინის პრემიერმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს პრემეირ-მინისტრთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მაღალი დონის კომუნიკაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ერთიან კომუნიკაციას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.