უცხოეთი
ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ. სომეხ ხალხს კიდევ ერთხელ ვეუბნები, რომ საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც სომხურ ენაზე გამოქვეყნდა.

13 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაში დაადანაშაულა.

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარი გადმოკვეთეს. მათ სომხეთის ტერიტორიის შიგნით 3.5 კილომეტრით შემოიწიეს და ფაქტობრივად, ცდილობენ ალყაში მოაქციონ სევლიჩის ტბა. ეს ქმედებები მიუღებელია და ეს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

imedinews.ge