საზოგადოება
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლად ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას აქვს, როგორც კერძო და არასამთავრობო სექტორში, ისე – აკადემიურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ირაკლი სესიაშვილს, სხვადასხვა სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი.