ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული სახელმწიფო - ფინეთი, თავის კეთილდღეობას და განვითარებას პასუხისმგებლობით უდგება. ფინეთის უსაფრთხოების ქვაკუთხედს, აგერ უკვე 73-ე წელია, სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტი წარმოადგენს. ამ გზით იცავს ფინეთი ისეთ სახელმწიფოებრიობასა და ცხოვრებას, რომლის დაცვაც, - 1930-იან წლებში ფინანსთა მინისტრის, ტანერის სიტყვებით რომ ვთქვათ, - ღირს.
ფინელებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა ისტორიაში პირველად მხოლოდ მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ მიეცათ. ერად ფინელები სწორედ რუსეთის შემადგენლობაში ჩამოყალიბდნენ. რუსეთის მიერ ფინეთის შემოერთებამდე (1809 წ.) ფინური მიწები საუკუნეების განმავლობაში შვედეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ერთიანი ფინეთის ცნება არ არსებობდა, შვედებს ქვეყანა წვრილ ადმინისტრაციულ ერთეულებად ჰქონდათ დაყოფილი, არანაირი ავტონომია არ არსებობდა. რუსეთის იმპერიაში კი ფინეთმა „დიდი სამთავროს“ სტატუსი მიიღო, თავისი საზღვრებით. რუსეთის იმპერატორმა თავის ტიტულატურაში ჩართო „ფინეთის დიდი მთავრის“ წოდებაც (ისევე, როგორც, სხვათა შორის, რუსეთის იმპერატორი ოფიციალურად „საქართველოს მეფედაც“ იწოდებოდა). ფინეთი გახდა იმპერიის პრივილეგირებული მხარე, რომელმაც ავტონომია მიიღო - ფინეთის დიდი სამთავროს უმაღლესი მმართველობითი ორგანო სენატი გახდა, რომლის წევრებიც ფინელები იყვნენ. ფინეთის საქმეებს იმპერატორის (ცარის) მიერ დანიშნული გენერალ-გუბერნატორი განაგებდა. ფინელებს სანკტ-პეტერბურგში, იმპერატორის კარზე, წარმოადგენდა მინისტრ-სტატს-სეკრეტარი, რაც ფინური მმართველობის პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფდა იმპერატორთან, რუსული ბიუროკრატიის გვერდის ავლით.
1863 წელს იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ფინური ენა ოფიციალურ სამმართველო ენად დაამტკიცა. შვედების ბატონობის დროს შვედური ენა იყო ყველგან გაბატონებული, მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის მოსახლეობის მხოლოდ 1/7 ნაწილისთვის იყო ეს ენა მშობლიური. იმავე 1863 წელს, 50-წლიანი პაუზის შემდეგ, შეიკრიბა ფინეთის ლანდტაგი (პარლამენტი), რომელმაც აქტიური საკანონმდებლო საქმიანობა გააჩაღა. ლანდტაგის 1878 წლის გადაწყვეტილებით, ფინელებმა საკუთარი გაწვევის სისტემა და ჯარი შექმნეს.
რუსეთის იმპერიის ნგრევამ 1917 წელს ფინელებს ერთი მხრივ საშუალება მისცა, დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ და ეს დამოუკიდებლობა აეშენებინათ კიდეც, მაგრამ უარყოფითი გავლენაც აშკარა იყო - ფინეთმა სამოქალაქო ომი გადაიტანა „თეთრებსა“ და „წითლებს“ შორის, რომელშიც პრობოლშევიკური ძალები დამარცხდნენ. სამოქალაქო ომის აჩრდილი და კომუნისტების წინაშე შიში ფინეთს კიდევ დიდხანს გაჰყვა და მის პოლიტიკას დამღა დაასვა 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე. ეს გარემოება ნეგატიურად აისახა საბჭოთა კავშირთან ფინეთის ურთიერთობებზე ამ პერიოდში.
საბჭოთა ხელმძღვანელობა არ ენდობოდა ანტიკომუნისტურად განწყობილ ფინეთს, რომელმაც რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ფინეთის დიდი სამთავროს საზღვრები რუსეთის შიდა ტერიტორიების ხარჯზე გააფართოვა კარელიაში. ფინეთის საზღვარი პეტროგრადიდან (ლენინგრადი) სულ 30 კილომეტრის დაშორებით გაივლო. 1930-იანი წლების ბოლოს, როდესაც ევროპაში ნაცისტური გერმანია ძლიერდებოდა და საბჭოთა კავშირს საფრთხეს უქმნიდა, გერმანიასთან ერთად კი, ინგლისი და საფრანგეთი ასევე ანტისაბჭოთა პოლიტიკას აწარმოებდნენ, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფინეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის გამორიცხვას. მაგრამ ფინეთის ხელისუფლება აგრძელებდა „დიდ ფინეთზე“ ოცნებას და დათმობების ნაცვლად, ტერიტორიების გაფართოებას ლამობდა. პრეზიდენტის (1931-1937 წლებში), პ. სვინჰუფვუდის „ფორმულა“ ასე ჟღერდა: „რუსეთის ნებისმიერი მტერი მუდამ ფინეთის მეგობარი უნდა იყოს“.
თუმცა ფინეთში ზომიერი და გონიერი ძალებიც იყვნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებებით ცდილობდნენ შეთანხმებამდე მისვლას, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიდნენ. ასეთ ფინეთთან ურთიერთობებში საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა იმისი ფუფუნების საშუალება, რომ მყარ გარანტიებზე ეთქვა უარი. 1938 წელს საბჭოთა კავშირმა ფინეთს არაოფიციალურად შესთავაზა ურთიერთდახმარების ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა ჰელსინკიში ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს. ფინური მხარისათვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ტერიტორიების გაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ჰელსინკის ფართობით ორჯერ უფრო დიდ ტერიტორიას სთავაზობდა, ლენინგრადთან საზღვრის უკან გადაწევის სანაცვლოდ.
1939 წლის მარტში მომზადებული საბჭოთა წინადადებით, ფინეთს მოსკოვისათვის რამდენიმე კუნძული უნდა დაეთმო ფინეთის ყურეში, ლენინგრადის მისადგომებთან, არენდის უფლებით - ისევ მტკიცე უარი. მიუხედავად ამისა, იმავე წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე საბჭოთა დიპლომატია აქტიურად ცდილობრა, ფინეთი რაიმე გონივრულ შეთანხმებაზე დაეყოლიებინა. მაგრამ კაიანდერის მთავრობამ ჰელსინკიში გაავრცელა განცხადება, რომ მას არ სურს საბჭოთა კავშირის დახმარება ფინეთის წინააღმდეგ მესამე მხარის მიერ განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში. ამ გზით ფინეთმა მოსკოვს პირდაპირ აგრძნობინა, რომ ნაცისტური გერმანიის გავლენის ზრდას და ბერლინთან თანამშრომლობას მხარს უჭერს. ფინეთში გერმანელების გამაგრება კი საბჭოთა სახელმწიფოსათვის კატეგორიულად იყო მიუღებელი.
რუსულ-ფინური შეთანხმების ბოლო შანსი 1939 წლის ოქტომბერში იქნა ხელიდან გაშვებული, როდესაც მოსკოვში მოლაპარაკებებზე ჩამოსული, კონსტრუქციულად განწყობილი დიპლომატი, ფინეთის ომისშემდგომი პრეზიდენტი, იუჰო პაასიკივი ფინანსთა მინისტრმა ვ. ტანერმა ჩაანაცვლა ფინური დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში. 13 ნოემბერს მოლაპარაკებები შეწყდა და ფინეთის დელეგაცია ჰელსინკიში დაბრუნდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკომ განაცხადა, რომ „ფინეთს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე სსრკ-სთან მოლაპარაკებებია“.
მთელი ამ ხნის მანძილზე ფინეთის ხელისუფლებას ინგლისის და საფრანგეთის მთავრობები აგულიანებდნენ მოსკოვის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვისაც ცნობილი იყო ფინეთზე გერმანელების გავლენის ზრდა. 30 ნოემბერს, როდესაც სსრკ და ფინეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, ინგლის-საფრანგეთმა ფინეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს და სსრკ „აგრესორად“ გამოაცხადეს, რის შედეგადაც უუნარო, მომაკვდავმა ერთა ლიგამ საბჭოთა კავშირი თავისი რიგებიდან გარიცხა. როგორც მოგვიანებით განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ნევილ ჩემბერლენმა, ბრიტანეთმა ფინეთს 101 თვითმფრინავი, 214 ქვემეხი, 185 ათასი ჭურვი, 50 ათასი ხელყუმბარა, 15700 საავიაციო ბომბი, 10 ათასი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვა სამხედრო მასალა მიაწოდა. საფრანგეთის დახმარება ფინეთის მიმართ ბევრად არ ჩამოუვარდებოდა ბრიტანულს. შეერთებულმა შტატებმა კი სსრკ-სთან ვაჭრობაზე ე. წ. „მორალური ემბარგო“ დააწესეს. მეტიც, ფინეთზე „მზრუნველ“ ბრიტანელებსა და ფრანგებს გეგმაში ჰქონდათ (განსაკუთრებით ფრანგებს, რომლებიც სულ მალე სამარცხვინოდ გაიქცნენ პარიზიდან ვერმახტის ბლიც-შეტევის შემდეგ), ფინეთში საექსპედიციო კორპუსი გაეგზავნათ და ფინეთიდან ძალზე შორს, ჩვენს მშობლიურ კავკასიაში, ჩაეტარებინათ სამხედრო ოპერაცია, ბაქოს ნავთობსაბადოების დაბომბვის ჩათვლით. არადა, ყურადღება მიაქციოს მკითხველმა, 1939 წლის ბოლოს ლონდონსა და პარიზს უკვე ჰქონდათ გამოცხადებული ომი ბერლინისათვის, მაგრამ ნაცვლად გერმანელებთან რეალური ბრძოლისა, ისინი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად „იქაჩებოდნენ“.
ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი ალან ტეილორი ასე აფასებს იმ პერიოდის ინგლისურ-ფრანგულ დიპლომატიას: „ფინეთში სამხედრო ექსპედიციის დაგეგმვის მოტივები ჯანსაღ აზრს ეწინააღმდეგება. მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკვე გერმანიასთან ომში იყვნენ ჩაბმულნი, რუსეთთან ომის პროვოცირება სხვა არაფერი იყო, თუ არა სიგიჟე. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ არსებობდა უფრო მზაკვრული გეგმა: ომის გადატანა ანტიბოლშევიკურ კალაპოტში იმ მიზნით, რომ გერმანიასთან ომი დავიწყებას მისცემოდა ან სულაც დასრულებულიყო“ (A. J. Taylor, English History 1914-1945, Oxford 1965, p. 469).
წითელი არმიის შეტევა 1939 წლის სუსხიან დეკემბერში მოუმზადებელი და ცუდად ორგანიზებული იყო, ამიტომ მას საკმაოდ დიდი მსხვერპლი, მაგრამ წარმატება არ მოჰყოლია. ფინური (და მთლიანად, დასავლური) პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირს ფინეთის დაპყრობა და ბოლშევიზაცია სურს, რაც შორს იყო სინამდვილისაგან - საბჭოთა კავშირი მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავებას ცდილობდა , საზღვრების კორექტირების გზით. 1940 წლის თებერვალ-მარტში სტალინმა დიდ ძალებს მოუყარა თავი ფინეთის წინააღმდეგ და სულ რაღაც ორიოდე კვირაში აიძულა მოწინააღმდეგე, რეალობა სწორად აღექვა. 12 მარტს მოსკოვში დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, საბჭოთა კავშირის საზღვრებმა, რამდენიმე მნიშვნელოვან მონაკვეთზე, ფინეთისკენ გადაიწია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ლენინგრადის საზღვაო მისადგომებთან მდებარე კუნძულებზე, ისევე, როგორც ქალაქ ვიბორგზე, კონტროლის დაბრუნებას სსრ კავშირის მიერ. ერთი წლისა და სამი თვის შემდეგ, როდესაც ფინეთი გერმანიასთან ერთად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს (გერმანია 1941 წლის 22 ივნისს, ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს სსრკ-ს, ფინეთმა ომი გამოუცხადა მოსკოვს 1941 წლის 26 ივნისს - მას შემდეგ, რაც საბჭოთა თვითმფრინავებმა ფინეთის აეროდრომებზე განლაგებული გერმანული ტექნიკა დაბომბეს), ამ ტერიტორიულმა მონაპოვრებმა დადებითი როლი შეასრულა წითელი არმიის მიერ ლენინგრადისა და პეტროზავოდსკის წარმატებით დაცვაში.
1944 წელს წითელი არმია უკვე მთელ ევროპას აზანზარებდა და შეუჩერებლად მიიწევდა წინ, დასავლეთისკენ. ფინეთის პრეზიდენტმა რისტო რიუტიმ, რომელმაც საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა, თანამდებობა ფელდმარშალ მანერჰაიმს დაუთმო. სამხედრო ნიჭით დაჯილდოებული, მაგრამ ყოვლად უპრინციპო კარლ გუსტავ მანერჰაიმი, შვედური წარმოშობის რუსეთის იმპერიის გენერალი, რომელიც ადიუტანტის რანგში ნიკოლოზ მეორის ინაუგურაციას ესწრებოდა 1896 წელს, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ლენინის მთავრობისგან პენსიას იღებდა, შემდგომ - ფინეთის მთავარსარდალი გახდა, ხოლო დიდი სამამულო ომის დროს ლენინგრადის ბლოკადას ჩრდილოეთიდან უზრუნველყოფდა, ახალ ვითარებაში სსრკ-ს დაუზავდა (1944 წლის სექტემბერი), პარალელურად კი გერმანიას დაუპირისპირდა და გერმანულ ჯარებს დაუწყო ბრძოლა ლაპლანდიაში. ომის დასრულების შემდეგ, ფინელებმა ომის გამჩაღებელი ყოფილი პრეზიდენტი რიუტი, როგორც სამხედრო დამნაშავე, გაასამართლეს (5 წელი მიუსაჯეს), ხოლო მანერჰაიმი, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა 1946 წელს დატოვა, ფინელებისვე მოთხოვნით, მალე შვეიცარიაში გადაბარგდა. ასე და ამრიგად, ფინეთის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო - ეტაპი დიდი აღმშენებლობისა, რომელიც საბჭოთა კავშირთან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარებას ეფუძნებოდა.
ამ ახალი ურთიერთობების ღერძი, რომელმაც ფინეთს უსაფრთხო და თავისუფალი განვითარების საშუალება მისცა, გახდა ფინური ნეიტრალიტეტის მოდელი. ნეიტრალიტეტის ვალდებულება ფინეთმა ჯერ პარიზის 1947 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების ძალით აიღო (1947 წლის 10 თებერვალს ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა პარიზის სამშვიდობო პროცესი, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულმა მოკავშირეებმა - სსრკ-მ, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ჰიტლერული კოალიციის წევრებს - იტალიას, რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთსა და ფინეთს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაუბრუნეს, გარკვეული პირობების სანაცვლოდ) და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირთან 1948 წელს დადებულ ორმხრივ ხელშეკრულებაში „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ დაადასტურა.
ეს ხელშეკრულება ორივე მხარისათვის სასარგებლო იყო და შეუფერხებლად ხდებოდა მისი პროლონგაცია ყოველი 10 წლის შემდეგ. ფინეთის პრეზიდენტები - იუჰო პაასიკივი (1946-1956), ურჰო კეკონენი (1956-1981), მაუნო კოივისტო (1982-1994) ურყევად იცავდნენ ამ ხელშეკრულებას და მის სულისკვეთებას. ხელშეკრულების ძირეულ დებულებას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა „გერმანიის ან ნებისმიერი სხვა მისი მოკავშირე სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი აგრესიის შემთხვევაში“. სხვა მხრივ, ფინეთი ნეიტრალური რჩებოდა და სრული სუვერენიტეტი ჰქონდა თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
ფინელები, როგორც პროტესტანტულ-ლუთერანული კონფესიის მიმდევარი ხალხი, მენტალურად და ისტორიულად ევროპას მიეკუთვნებიან და გასაკვირი არ არის, რომ ფინური სახელმწიფო დასავლეთ ევროპასთან, პირველ რიგში - მეზობელი სკანდინავიის ქვეყნებთან ავითარებდა ურთიერთობებს. საბჭოთა ხელმძღვანელობა 1950-იან წლებში უკმაყოფილო იყო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდის დაბალი ტემპებით, განსაკუთრებით, როდესაც ხედავდა, რომ ფინეთი საბჭოთა კავშირიდან ძირითადად ნედლეულის იმპორტს ახდენდა, მზა პროდუქცია კი დიდწილად დასავლეთ ევროპიდან შეჰქონდა (საკუთარი წარმოების გარდა). დასავლეთში - აშშ-სა და მისი მოკავშირეებს შორის, თავის მხრივ, ვარაუდობდნენ, რომ ფინეთს დასავლურ ორბიტაზე გადაიყვანდნენ პოლიტიკურადაც - ამერიკელები და დასავლეთ-გერმანელები ფინეთს 1950-იან წლებში მიზნობრივ სესხებს სთავაზობდნენ, გარკვეული პოლიტიკური პირობებით, მაგრამ ფინეთის ხელისუფლება ყველა შემოთავაზებას ინდივიდუალურად და საკუთარი ქვეყნების ინტერესების პრინციპიდან გამომდინარე განიხილავდა, ამიტომ ყველა სესხს არ სთანხმდებოდა. ასე მაგალითად, ჰელსინკიმ უარი თქვა გერმანულ კრედიტზე, რომელიც გერმანიასთან ფინეთის ომის დე იურე დასრულების პირობაზე იყო მიბმული, რადგან კრედიტის პირობები ფინური მანქანათმშენებლობის წარმოების საზიანოდ აღიქვა. 1954 წლის აპრილში ამერიკული ჟურნალი „World“ წერდა, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ ფინეთისთვის შეთავაზებული კრედიტები განპირობებული იყო სწრაფვით, ფინეთი აღმოსავლეთის ბლოკის ორბიტას ჩამოსცილებოდა.
მაგრამ სამხედრო ნეიტრალიტეტისადმი ურყევმა ერთგულებამ და ურჰო კეკონენის მიერ 1956 წელს დაწყებულმა აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკამ საბოლოოდ დაამშვიდა მოსკოვი, რომელიც ფინეთის ევროპული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხელოვნურად შეზღუდვას არანაირად არ ცდილობდა (1957-1959 წლებში ფინეთის ტვირთბრუნვა სსრკ-სთან 10 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როცა კაპიტალისტურ დასავლეთთან - მთელი 25 პროცენტით). მეტიც, მოსკოვმა ჰელსინკის მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა: 1956 წელს დაუბრუნა 1944 წელს, ფინეთის დამარცხების შემდეგ დაკავებული ჰანკოს ნახევარკუნძული ანუ პორკალა-უდის ტერიტორია. დედაქალაქ ჰელსინკიდან დასავლეთის მიმართულებით სულ რაღაც 22 კილომეტრის დაშორებით მდებარე ეს ნახევრაკუნძული საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს და იქ ბაზა მოაწყეს - 1944 წლის შეთანხმების თანახმად, 50-წლიანი იჯარის პირობით. ფინელები მიიჩნევდნენ, რომ მოსკოვი ამ ტერიტორიას 1994 წლამდე, ან, საერთოდ არ დააბრუნებდა, მაგრამ მათი პოლიტიკა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ხრუშჩოვმა ასეთი დათმობა შესაძლებლად მიიჩნია.
ფინეთი, რომელმაც საბჭოთა კავშირს, ომის შემდგომი რეპარაციების სახით, 300 მილიონი დოლარი (მაშინდელი კურსით ეს სახელმწიფოების მასშტაბითაც ძალიან დიდი თანხა იყო) გადაუხადა, საბჭოთა კავშირის 1991 წელს დაშლის მომენტში მოსკოვის მევალე აღმოჩნდა 600 მილიონი ევროს ოდენობით (ეს დავალიანება რუსეთმა ფინეთის წინაშე 2013 წლამდე სრულად დაფარა).
პაასიკივისა და კეკონენის დროს მოხდა არა მარტო შთამბეჭდავი აღდგენა და ეკონომიკის პროგრესი, არამედ ქვეყნის დემოკრატიზაცია. მემარცხენე ძალები აღარ აღიქმებოდნენ საფრთხედ და „მეხუთე კოლონად“ . ჯერ კიდევ 1950 წლიდან, ყველა პოლიტიკურ ძალას მიეცა საარჩევნო პროცესებსა და მთავრობის მუშაობაში მონაწილეობის მიღების საშუალება, წარსულს ჩაბარდა მემარცხენეების დევნა, რასაც ადგილი ჰქონდა 1920-იან - 30-იან წლებში. ფინეთი გახდა მშვიდობის პლაცდარმი ევროპაში, ჯერ კიდევ 1952 წელს ამ ქვეყანაში ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, 1955 წელს ფინეთი გაეროს წევრი გახდა, ხოლო 1975 წლის ზაფხულში, ჰელსინკიში, ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის კონფერენცია გაიმართა...
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს, ფინეთმა უკვე რუსეთის ფედერაციასთან გააფორმა ჩარჩო-ხელშეკრულება, „ურთიერთობათა საფუძვლების შესახებ“. ეს ხელშეკრულება დღემდე ძალაშია და მისი მოქმედება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გრძელდება, მხარეების თანხმობის საფუძველზე. მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ხელშეუხებლობას, იღებენ ვალდებულებას, რომ თავიანთი ტერიტორია ერთმანეთის მიმართ აგრესიისთვის არ იქნება გამოყენებული. თუმცა, ამ დოკუმენტში უკვე აღარ არის მოხსენიებული ფინეთის ნეიტრალიტეტი. მიუხედავად ამისა, ფინეთი დღემდე იცავს ნეიტრალურ სტატუსს და 1948 წლის ხელშეკრულების პრინციპებს. ამის მიზეზი, პირველ ყოვლისა, ის არის, რომ ნეიტრალიტეტი გახდა ფინელი ხალხის ცნობიერების, ეროვნული სიამაყის შემადგენელი ნაწილი. ფინელები, რომლებიც თანამედროვე ერად ყალიბდებოდნენ მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში და მე-20 საუკუნის დასაწყისში, თავიანთი თავის იდენტიფიკაციას ახდენენ ნეიტრალიტეტთან და ამ ნეიტრალიტეტით სიამაყე ძალზე ჰგავს შვეიცარელებისა და ავსტრიელების დამოკიდებულებას თავიანთი მუდმივი ნეიტრალური სტატუსის მიმართ. დღევანდელი ფინური ნეიტრალიტეტი არის არა იძულებითი (რუსეთის ან სხვა ძალის მხრიდან), არამედ ნებაყოფლობითი და საკუთარ, ფინურ ინტერესებზე დაფუძნებული.
ნეიტრალიტეტისადმი ერთგულებას ხელი არ შეუშლია ფინეთისთვის, 1990-იან წლებში გამხდარიყო ევროგაერთიანების (ევროკავშირის) წევრი, შემდეგ კი შეერთებოდა ევროვალუტის ზონას. თუმცა ისიც მართალია, რომ ნეიტრალური სტატუსი, ჩემს მიერ ზემოთ თქმულის ნამდვილობის მიუხედავად, განსჯის საგანი გახდა, განსაკუთრებით, 2010-იან წლებში. აშშ-სა და ნატოს ადმინისტრაცია, უკვე კარგა ხანია, ფინეთის ნეიტრალიტეტის გადახედვის შესაძლებლობის ზონდირებას ახდენს და ამ ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო ისტებლიშმენტში გარკვეული რაოდენობის მოკავშირეებიც გაიჩინა, მაგრამ ნატოში ფინეთის გაწევრიანების შესახებ დისკუსიის უშუალო საბაბად უკრაინის 2014 წლის მოვლენები იქნა გამოყენებული - თითქოს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება რაიმენაირად საფრთხეს უქმნიდა ფინეთს და ამ საფრთხის გაუვნებელყოფა ნატოს საშუალებით შეიძლებოდა.
აშშ-ნატომ ნაცად ხერხებს მიმართეს, თავიანთი „მეხუთე კოლონის“ საშუალებით ნეიტრალიტეტზე უარის თქმის კამპანია გააჩაღეს ფინეთში. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2015 წლის არჩევნების წინ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მემარჯვენეთა ბანაკიდან, ა. სტუბმა გარისკა და განაცხადა: „არ გამოვრიცხავთ ნატოში წევრობას“. გარისკა იმიტომ, რომ მან იცოდა - ფინელთა თითქმის 60% წლიდან წლამდე სტაბილურად უჭერს მხარს ნეიტრალიტეტს, დანარჩენი 40%-ის დიდი ნაწილი კი ორჭოფობს, მხოლოდ აშკარა უმცირესობა - არაუმეტეს 22 პროცენტისა (2020 წლის გამოკითხვები) უჭერს მხარს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას.
სტუბმა გარისკა და წააგო არჩევნები. ის, რომ მის დამარცხებაში ნეიტრალიტეტზე შეტევის მიტანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, აშკარაა. ამას ფინეთის ნატოში შესვლის გულშემატკივარი უცხოური მასმედიაც აღიარებს (მაგალითისთვის იხ. გერმანული „დოიჩე ველეს“ 2015 წლის 16 აპრილის სარედაქციო სტატია).
„ცივი ომის“ პირობებში, საბჭოთა კავშირის მიმართ მტრულად განწყობილი დასავლეთევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ევროპის „ფინეთიზაციის“ საფრთხეზე საუბრობდნენ - მათ არ მოსწონდათ ფინეთის მშვიდობიანი განვითარების მოდელი. სინამდვილეში კი „ფინეთიზაცია“ არა საფრთხე, არამედ მშვიდობის და სტაბილობის მომტანი იქნებოდა მთელი ევროპისთვის. „ცივი ომის“ ეპოქაში ევროპის მცირე ქვეყნებისთვის ნეიტრალიტეტი ოპტიმალური არსებობის ფორმა აღმოჩნდა - ფინეთს გარდა, ნეიტრალიტეტის გზა (ყველამ საკუთარი სპეციფიკით) აირჩიეს შვედეთმა და ავსტრიამ (შვეიცარია მანამდეც, საუკუნეების განმავლობაში იცავდა მუდმივ ნეიტრალიტეტს). ეს ქვეყნები იყვნენ და დღესაც არიან ყველაზე მშვიდად მცხოვრები, მაღალი შემოსავლების მქონე მთელს ევროპაში. ამ ყველაფრის მერე, თუკი საქართველოში ვინმე ჭკუათმყოფელი დარჩა პოლიტიკაში, „ფინეთიზაცია“ (ის რომ შესაძლებლად ვაქციოთ) განა საუკეთესო ვარიანტად არ უნდა გამოცხადდეს?
განსხვავებით ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან, რომლებმაც რუსოფობია გამოაცხადეს ეროვნულ იდეოლოგიად, ფინელები და სხვა ნეიტრალური ქვეყნები გაცილებით მშვიდად არიან და რუსეთი არ ელანდებათ ყოველი ფეხის ნაბიჯზე. მე ადრეც არაერთხელ დამისვამს შეკითხვა, რომელიც უპასუხოდ რჩება: რატომ არის, რომ 2002 წლიდან ნატოს წევრი ბალტიისპირა ქვეყნები მუდმივად „რუსულ საფრთხეზე“ აპელირებენ და მშვიდი ძილი დაკარგული აქვთ? განა ნატოში იმისთვის არ შევიდნენ, რომ ეს სიმშვიდე და დაცულობის გრძნობა ჰქონოდათ? რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს და ამ რეალობას წამყვანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრები ამჩნევენ. რუსეთს რომ მართლა სურდეს ბალტიისპირეთის მიმართ აგრესიის განხორციელება, ამაში ხელს მას ნატო დიდად ვერ შეუშლიდა. Rand Corporation-ი თავის ანალიტიკურ მოხსენებაში (2016 წ.) კომპიუტერით მოდელირებული საომარი მოქმედებების შედეგებიდან გამომდინარე აღიარებს, რომ რუსეთის შეჭრა ლატვიასა და ესტონეთში ნატოს მიერ ვერ დაბრკოლდება და ამ ქვეყნების დაკავება ორიდან სამ დღეში მოხდება.
ამ თავის ტკივილის მოცილებაა ფინური გზა, რომელსაც საქართველოში უნდა სწავლობდნენ, მაგრამ არ სწავლობენ და შარლ მიშელის იმედზე ყოფნა ურჩევნიათ. თუმცა განსხვავებაც დიდია მშვიდ ფინურ ხასიათსა და ქართულ თეატრალიზმს შორის, რომელიც თვითგანადგურების პრინციპით მოქმედებს. ვანადგურებთ ყველაფერს, საკუთარი ისტორიით დაწყებული. ისტორიის მიმართ ფინელებს განსხვავებული მიდგომა აქვთ. ისინი ლენინის ბიუსტებსაც უფრთხილდებიან თავიანთ ქალაქებში - იმ სახელმწიფოს ლიდერის ბიუსტებს, რომელმაც ფინეთი პირველმა აღიარა დამოუკიდებლად, 1917 წლის 31 დეკემბერს. ჰოი, საშინელებავ, ქალაქ ტამპერეში ლენინის მუზეუმიც არის! სამაგიეროდ, ქართველებმა ხომ «ვაჯობეთ“ ფინელებს - ლენინს ვინ ჩივის, სტალინის ძეგლიც დავამხეთ მის მშობლიურ ქალაქში და ალიევის ბიუსტებით ავავსეთ ნახევარი საქართველო...
ასეა თუ ისე, საბჭოთა კავშირის (შემდეგ რუსეთის) და ფინეთის ურთიერთობების ამგვარმა მოდელმა დაამსხვრია პროპაგანდისტული სიყალბე იმის შესახებ, რომ:
სსრკ/თანამედროვე რუსეთი ტერიტორიებს იპყრობდა/იპყრობს და არ აბრუნებს (რუსეთმა დაუბრუნა ფინეთს ის, რაც რუსეთს არასოდეს ეკუთვნოდა, დაიტოვა მხოლოდ ის, რაც რუსეთის იყო ისტორიულად);
სსრკ-სთან/თანამედროვე რუსეთთან პოლიტიკური სიახლოვე გამორიცხავს დემოკრატიულ სისტემას;
სსრკ/თანამედროვე რუსეთი პატივს არ სცემდა/არ სცემს დადებულ ხელშეკრულებებს და საფრთხეს უქმნიდა/უქმნის მეზობლებს, მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
პასუხი სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე კი ასეთია: ფინელები შეძლებენ მშვიდ ძილს ანუ კარგ ცხოვრებას მანამ, სანამ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ.
გულბაათ რცხილაძე
2021 წლის 14 მაისი