პოლიტიკა
აქციების გამართვაში რევოლუციონერებს არც „კონსტრუქციული“ ოპოზიცია ჩამორჩება

rviani6„ქართული პარტიისა“ და „სახალხო კრების“ შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვის გეგმებზე საარჩევნო გარემოზე მომუშავე 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაც ალაპარაკდა, თუმცა, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მასშტაბური გამოსვლები არა რევოლუციის მოხდენის მიზნით, არამედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გაიმართება.

„ბევრს ადამიანს, ვინც „სახალხო კრებას“ ან „ქართულ პარტიას“ წარმოადგენს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. კარგად მესმის იმათი, ვინც ამბობს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მივმართავ მათ, რომ სოლიდარული ვარ მათი განწყობის და მეც მსურს, ხელისუფლებაში სწრაფად მოვიდეს ძალა, რომელიც ამ სიტუაციას შეცვლის, მაგრამ ჩემთვის სულერთი არ არის, როგორ შევცვლით ამ ხელისუფლებას. ჩვენ უნდა დავამთავროთ და ისტორიას ჩავაბაროთ ის წლები, როდესაც ხელისუფლება ძალადობით იცვლებოდა. საზოგადოების მობილიზებასა და მასშტაბურ ღონისძიებებს, მათ შორის, აქციებს, „რვიანიც“ ვგეგმავთ, მაგრამ ჩვენი აქციები ძალიან კონკრეტულად – საარჩევნო გარემოს შეცვლისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, ის პოლიტიკური „რვიანისადმი“ „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის – ეროსი კიწმარიშვილის, გუშინდელ მოწოდებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „გაშიშვლებული რეჟიმის ლეღვის ფოთლის ფუნქციაში გადასვლას „რვიანმა“ თავი უნდა გაანებოს და ცვლილებების რეალურად განხორციელებისთვის დადგეს იქ, სადაც ქართველი ხალხია“. ამ მოწოდების საპასუხოდ, ალასანიამ კიწმარიშვილს წარსული შეახსენა. „ნებისმიერ ადამიანს ესა თუ ის ასოციაცია საკუთარი წარსულიდან გამომდინარე უჩნდება ხოლმე“, – დასძინა ალასანიამ.