საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთში, ოპოზიციური ჯგუფები შიდაპოლიტიკური ბრძოლის ახალ წესებს ქმნიან. სამუშაოები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მიმდინარეობს და თუკი გარეგნული ნიშნებით ვიმსჯელებთ – წარმატებით.
მთავარი, რაც ახალ წესებში უნდა შევიდეს, – ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების გამორიცხვაა, რაც აფხაზეთისთვის ქრონიკულად იქცა. მაგრამ მთავარზე – პოლიტიკური პროცესების გაუმჭვირვალე დაფინანსებების შესახებ – არავინ საუბრობს.
პოლიტიკური მოთამაშეები „ჯენტლმენურ შეთანხმებას“ დებენ, რომელიც არჩეულ პრეზიდენტს გარანტირებულ შესაძლებლობას აძლევს, დაასრულოს თავისი მთელი ვადა რეზიდენციაზე შტურმის შიშის გარეშე. ასე არაერთხელ მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი ასლან ბჟანია ასე მოვიდა ხელისუფლებაში.
2020 წლის 9 იანვარს, აქტივისტების ჯგუფმა და ოპოზიციამ შტურმით აიღეს აფხაზეთის პრეზიდენტის რეზიდენცია და პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს, რომელიც სულ რამდენიმე თვით ადრე აირჩიეს ხელახლა თანამდებობაზე – 2019 წლის 8 სექტემბერს. იმავე დღეს, უზენაესმა სასამართლომ იმ არჩევნების შედეგები არასწორად გამოაცხადა, 12 იანვარს კი ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ განაცხადა და დაინიშნა განმეორებითი არჩევნები. ასლან ბჟანია პრეზიდენტად 2020 წლის 23 აპრილს აირჩიეს.
ასეთი შეთანხმების იდეა სოხუმის ყოფილი მერისგან, კან კვარჩიასგან და მისი ლიდერობით მოქმედი ოპოზიციური ჯგუფისგან, „აიდგილარასგან“ წამოვიდა. დიდი ალბათობით, მას მხარს დაუჭერს პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც, მთელი მისი პროსაპრეზიდენტო ორგანიზაციები და დანარჩენი ოპოზიციაც.
მხარეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმება უფრო ქმედითუნარიანი იქნება, ვიდრე საკანონმდებლო ბაზა.
მაგრამ ოპტიმისტებიც კი ვერ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ საბოლოოდ შიდაპოლიტიკური ბრძოლის ცივილიზებული მეთოდები აფხაზეთისთვის ნორმად იქცევა. რომ არაფერი ვთქვათ ქრონიკულ პესიმისტებზე, რომელთა რიგებშიც მე თვითონ შევდივარ.
პრობლემა არის ყველა პოლიტიკური ჯგუფის ფუნქციონირების გაუმჭვირვალე მექანიზმი, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ამინდს ქმნიან აფხაზეთის პოლიტიკურ ველზე. ეს სფერო ისეთ ჩრდილში იმყოფება, რომ მის ფონზე აფხაზეთის ეკონომიკაც კი შეძლებს „შეურყვნელი სითეთრით“ ნათებას.
არც ერთი პრეზიდენტი, არც ერთი დეპუტატი არასოდეს დაასახელებს ნამდვილ თანხას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს დახარჯა. ოფიციალურად, ქაღალდების თანახმად, თუკი ვინმე საერთოდ აწარმოებს მათ, კაპიკებზე იქნება საუბარი. მაგრამ რეალურად, იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე, სულ მცირე, ორასი მილიონი რუბლი (დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარი) დაგჭირდება, საპარლამენტოზე – ორი მილიონი რუბლიდან (დაახლოებით 30 ათასი დოლარიდან) ზევით.
მთელი ეს თანხა არალეგალურია. ალტრუისტების საუკუნე დიდი ხანია დასრულდა და ასეთ ფულს ასე უბრალოდ არავის ჩუქნიან. ამის შემდეგ, ის აუცილებლად უნდა გამოიმუშაონ.
მოკლედ, აფხაზური არასტაბილურობის ფესვები, ნებისმიერ შემთხვევაში, ფინანსურ შემადგენელში უნდა ვეძებოთ.
სანამ ოპოზიცია ხელისუფლებასთან თამაშის ახალ წესებზე შეთანხმდებოდეს, თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა სახელმწიფო კომპანია „აბხაზავტოდორის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ბორის აჩბას სასამართლო პროცესმა.
სოხუმის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო თითქმის 20 მილიონი რუბლის (დაახლოებით 270 ათასი დოლარის) ოდენობის საბიუჯეტო სახსრების მოპარვაში და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდების ვერსიით, ბორის აჩბამ 2017 წლის თებერვალში ყალბი წერილი შეადგინა მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას სახელზე, რომელშიც არაზუსტი ინფორმაცია ასახა. კონკრეტულად, რომ მდინარეებზე ააპსტასა და ხიპსტაზე გადასასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები განადგურების საფრთხის წინაშეა და მათ სასწრაფოდ გარემონტება ესაჭიროებათ.
მთელი მოთხოვნილი თანხა ყველანაირი ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე გადაეცა. და ფული მაშინვე გაქრა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბორის აჩბამ ის ბანალურად მოიპარა – პირდაპირ ბოლო კაპიკამდე.
მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს თანხები წავიდა 2017 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნებზე, „საკუთარი“ კანდიდატების მხარდასაჭერად. თუმცა, ამის შესახებ საუბარი არც გამოძიებისას და არც სასამართლოს მსვლელობისას ჩინოვნიკმა არ ისურვა. როგორც ჩანს, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა.
მაგრამ არც არავინ აძალებდა. ყველა – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დაკმაყოფილდა სტანდარტული, ოფიციალური ინტერპრეტაციით, რომ მოპარული ფული მხოლოდ ბორის აჩბას საჭიროებებს მოხმარდა. და ისიც კი ვიცი, რატომ.
იმიტომ, რომ ახლანდელი აფხაზური პოლიტიკური ელიტიდან არავინ არასოდეს არ ჩააფურთხებს იმ ჭაში, რომლიდანაც უხვად ირწყვებოდა მისი პოლიტიკური კარიერა.
ასე რომ, მთელი ეს შეთანხმებები შიდაპოლიტიკური პროცესის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების შესახებ სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ მოკლე სპრინტერულ დისტანციაზე. ხანგრძლივისთვის კი, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ჯიბეების ამოტრიალებაა საჭირო. ანუ პოლიტიკური სამზარეულოს ბუღალტერია გამჭვირვალე გახდეს.
ინალ ხაშიგი, Jam-news