უცხოეთი
აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩმა მხარი დაუჭირა ფემინისტებს

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩი ლი ლიცენბერგერი ქვეყანაში ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნარმინ შაჰმარზადეს შეხვდა. ამერიკელმა დიპლომატმა აზერბაიჯანში შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. სოციალურ ქსელებში საელჩოს ამ ნაბიჯს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

რა მოხდა?

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე, გამოქვეყნდა ელჩის, ლი ლიცენბერგერის ფოტო ფემინისტ ნარმინ შაჰმარზადესთან ერთად. ფოტოს ასეთი წარწერა აქვს:

„გუშინ, ნარმინ შაჰმარზადეს შევხვდი, რომელიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის მსხვერპლი გახდა. ყველა მოქალაქე, მათ შორის ქალები, რომლებიც გენდერულ დისკრიმინაციაზე საუბრობენ, უნდა სარგებლობდნენ თავისი ძირითადი თავისუფლებებით, მათ შორის, დევნის გარეშე შეკრების თავისუფლებით“.

თავად ნარმინ შაჰმარზადეს ელჩთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში არაფერი დაუწერია.

ნეგატიური რეაქცია

საელჩოს ამ „ტვიტის“ ქვეშ, არაერთმა მომხმარებელმა გამოთქვა მოსაზრება შეხვედრასთან დაკავშირებით და Twitter-ის ბევრმა აზერბაიჯანელმა მომხმარებელმა გააკრიტიკა საელჩოს მიერ შაჰმარზადეს მიღება.

აი, რამდენიმე კომენტარი:

„ეს ქალი მე არ წარმომადგენს. ის თავისი დაბალი ზნეობრივი და ეთიკური ფასეულობებით ვერ წარმოადგენს აზერბაიჯანელ ქალს“.

„ამ დრომდე პატივს ვცემდი ამერიკას. მაგრამ შენ საზიზღარი ხარ, ამერიკა. აი, ვის ხვდები“.

„თუკი აშშ ადამიანის უფლებებზე ფიქრობს, დაე, დასაჯოს სომხეთი დანაღმული მინდვრების რუკებისა და 4000 პატიმრის გამო“.

არიან შაჰმარზადეს მხარდამჭერებიც

მაგრამ ცოტანი არც ისინი არიან, ვინც დადებითად შეაფასა ელჩის ფემინისტთან შეხვედრა:

„მიუხედავად იმისა, რომ ნარმინ შაჰმარზადე ყველაზე თამამი, თავისუფალი პიროვნებაა ამ ქვეყანაში, ის არასოდეს იყენებს თავის უსაზღვრო თავისუფლებას სხვების დასამცირებლად. სამწუხაროა, რომ მის ფასეულობებს არ აფასებს საზოგადოება, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ისინიც გაიგებენ, რამდენად დიდებულია ის“.

„ისტორიაში არასოდეს ყოფილა, დიდებული პიროვნებები ხალხის მიერ ადეკვატურად მიღებული“.

„ნარმინი უბრალოდ დიდებულია!“.

ვინ არის ნარმინ შაჰმარზადე?

2018 წლის დეკემბერში, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის, ნარმინ შაჰმარზადეს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი, ხანგრძლივი განხილვის საგანი გახდა აზერბაიჯანულ საზოგადოებაში.

მას 400 საათი გამოსასწორებელი სამუშაოები მიუსაჯეს იმ პოსტის გამო, რომლითაც ეჭვქვეშ დააყენა აზერბაიჯანის ეროვნული გმირის, მუბარიზ იბრაგიმოვის ბრძოლისუნარიანობა.

დღეისათვის, ნარმინ შაჰმარზადე აზერბაიჯანში ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა.

ცოტა ხნის წინ, მასზე კიბერთავდასხმა განხორციელდა მორიგ საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ.

jam-news.net