პოლიტიკა
პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე ქართველ საზოგადოებასა და საქართველოში მოვლენების რევოლუციური გზით განვითარების ინიციატორ ოპოზიციას მოუწოდებს, გააცნობიერონ, რომ კიდევ ერთი რევოლუცია ქართულ სახელმწიფოებრიობას სრულიად მოშლის.
„მოვუწოდებ მათ, ვინც საქართველოში კიდევ ერთი რევოლუციის მოწყობას აპირებს, კარგად გაიაზრონ, რას სთავაზობენ საზოგადოებას და პროცესების რევოლუციური გზით განვითარების შემთხვევაში, რა დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ქვეყანა, ისე მთელი საზოგადოება. რევოლუცია და სამოქალაქო ომი ძმები არიან, ხშირად – ტყუპი ძმები. ქვეყანაში კიდევ ერთი რევოლუცია უბედურებას მოუტანს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ოჯახს, პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფის გამონაკლისის გარდა, რომლებსაც შემდგომ, ყველა შემთხვევაში, ცუდი ბედი ელით. ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს“, – აცხადებს აბაშიძე.მისივე თქმით, ამავე დროს, ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს ქვეყანაში რადიკალურ განწყობილებას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებები რეალურ შედეგზე იყოს ორიენტირებული.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისიდან „ქართული პარტია“ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს იწყებს. გარდა ამისა, აქციების ორგანიზებას სახალხო კრებაც აპირებს, რომელმაც პროტესტის დაწყების დღედ 21 მაისი დააანონსა.