საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება საქმის განმხილველმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო და აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
ნიკა მელია სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ის აღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებში მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა.
მიმდინარე წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების გათვალისწინებით, წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მათი წინადადება ძალაში იყო. ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.
ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.