პოლიტიკა
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე - ამ პირველი მაღალი რანგის ვიზიტით ჩვენ ვქმნით ახალ ისტორიას ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ამ პირველი მაღალი რანგის ვიზიტით ჩვენ ვქმნით ახალ ისტორიას ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის, - ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისა და ორ ქვეყანას შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უმაღლეს დონეზე ისტორიული ვიზიტი, რომელიც ორ ქვეყანს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს კარგად ასახავს.

„დღეს გვაქვს დიდი პატივი ჩრდილოეთ მაკედონიელი მოქალაქეების სახელით ვუმასპინძლოთ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის პირველი და შესაბამისად, ისტორიული ვიზიტი უმაღლეს დონეზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს კარგად ასახავს. სიმბოლურად, წელს ჩვენი იუბილეა, ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ორივე აღნიშნავს დამოუკიდებელობის 30 წელს. მართალია, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობდით და საერთაშორისო ფორმატში ვაუმჯობესებდით ჩვენს დიმპლომატიურ ურთიერთობებს, თუმცა, პანდემიის გამო, ტემპმა იკლო ჩვენს ურთიერთობებში და ახლა გვეძლევა შესაძლებლობა, რომ განვაახლოთ დიპლომატიური ურთიერთობები.

დღეს სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, პირველ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას. ეს მომენტი უნდა დავიჭიროთ და შევქმნათ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მყარი საფუძველი. პირველი ნაბიჯი კი ამ ურთიერთობების მიმართულებით არის სამართლებრივი ჩარჩოს რეგულაცია და ხელშეწყობა. ჩრდილოეთ მაკედონიას და საქართველოს ძალიან მდიდარი კულტურული ისტორია აქვთ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს - ეს არის ორ ქვეყანას შორის მიღებული დოკუმენტი, რომელიც ვიზის მიღების აუცილებლობისგან ათვისუფლებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს მოქალაქეებს. მეორე დოკუმენტი კი ეს არის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა მოაწერეს. ეს ორი დოკუმენტი იქნება სამართლებრივი საფუძველი ტურიზმის მხრივ თანამშრომლობის, ეკონომიკის მხრივ თანამშრომლობის კუთხით. ჩვენი შეთანხმებები ახლა უკვე პროცესშია. ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის ბიზნეს პარტნიორობის ჩამოყალიბებას ორმხრივი სარგებლის მიღების მიზნით.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა და მე გავცვალეთ მოსაზრებები საგარეო პილიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მსგავსი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ამ მხრივ ჩვენ მაქსიმალურად ვიჩენთ ძალისხმევას, რომ საქართველოსთან მაქსიმალურად გავაღრმავოთ ურთიერთობა. ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო, მტკიცე მხარდამჭერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იმავდროულად ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც ერთადერთი მექანიზმია კონფლიქტის გადასაჭრელად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პირველი მაღალი რანგის ვიზიტით ჩვენ ვქმნით ახალ ისტორიას ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის“, - განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა.