საზოგადოება
„თქვენ ოფიცერი ხართ თუ სამოქალაქო?! “პადოშას” თუ იცნობთ?!” – გულბაათ რცხილაძემ უსაფრთხოების სამსახურის “სპეცკომისიას” მიმართა

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან არსებული სპეციალური კომისიის თავმჯდომარე სულხან გოცაძემ მორიგი წერილი გამოუგზავნა ევრაზიის ინსტიტუტის დამაარსებელს, გულბაათ რცხილაძეს, 9 მაისს ე. წ. “კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის” გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე. გთავაზობთ ამ მიმოწერას, რომელიც თავად გულბაათ რცხილაძემ მოგვაწოდა

ბატონო გულბაათ,

გიგზავნით „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის N58181 წერილს.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ წერილის მიღება,

პატივისცემით,

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით

განსაზღვრული კომისიის სამდივნო

06/05/2021 ა(ა)იპ „ევრაზიის ინსტიტუტი“-ს

თავმჯდომარეს ბატონ გულბაათ რცხილაძეს

ბატონო გულბაათ,

როგორც ცნობილია საქართველოში მოქმედი რიგი ორგანიზაციების მიერ იგეგმება

გარკვეული საჯარო ღონისძიებების გამართვა, მათ შორის ინტერნეტ სივრცეში, რომლის

ფარგლებში შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიზნების

უზრუნველსაყოფად და ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად,

მოგმართავთ, რომ არ დაუშვათ და აღმოფხვრათ კომუნისტური ტოტალიტარული

სიმბოლიკის გამოყენება. აღნიშნული ასევე ვრცელდება ინტერნეტის და სხვა საშუალებების

გამოყენებით კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის პროპაგანდაზე.

ხსენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონდამრღვევების მიმართ

გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული

პასუხისმგებლობის ზომები.

პატივისცემით,

სულხან გოცაძე

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით

განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე

ბატონო სულხან,

გილოცავთ 58181-ე წერილის ხელმოწერას და მოხარული ვარ, რომ თქვენს ტიტანურ შრომაში მეც მითმობთ ყურადღებას და წელიწადში ერთხელ, ერთი და იმავე შინაარსის წერილს მიგზავნით ხოლმე. ეს წერილი, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბლანკზე იბეჭდება. ამ ბლანკით, ალბათ, მეტი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობთ ჩემზე, როგორც ერთ დროს “კაგებე” აფრთხილებდა დისიდენტს, ვიქტორ რცხილაძეს (მამაჩემია), “ანტისაბჭოთა საქმიანობის” დასჯადობისათვის (და მართლაც დასაჯეს).

თქვენ მაშინ სად იყავით? ისედაც ვიცი – ღრმა იატაკქვეშეთში იბრძოდით საბჭოთა-კომუნისტური “ტოტალიტარული სიმბოლიკის” წინააღმდეგ და აი გეღირსათ, დამოუკიდებელი, ამერიკის საელჩოიანი, შარლ მიშელიანი საქართველოს უსაფრთხოებაში ამოყავით თავი და დიდ პატრიოტულ საქმიანობას ეწევით – წერილებს წერთ. მე რომ თქვენნაირი ჭკვიანი პატრიოტი ვყოფილიყავი, ახლა მე ვიჯდებოდი თქვენს ადგილზე და მე გავაფრთხილებდი არასამთავრობო ორგანიზაციებს “ტოტალიტარული კომუნისტური სიმბოლიკის” გამოყენების საფრთხეების თაობაზე. მაგრამ, როგორც ხედავთ, გავგიჟდი და ყოველი წლის 9 მაისს აღგზნებული ვცდილობ, კომუნისტური სიმბოლიკით ქუჩებში სირბილს (სიახლე წლევანდელ წერილშია – უკვე ინტერნეტშიც მდევნით). ანუ ვერ ვარ თქვენნაირი ჭკვიანი, ამიტომ ცოტა გაგება იქონიეთ და თავაზიანი ტონით ნუ მაშინებთ!

არ ვიცი, თქვენ ოფიცერი ბრძანდებით თუ სამოქალაქო პირი. ორივე შემთხვევაში მრცხვენია თქვენს ნაცვლად! თუ ოფიცერი ხართ, როგორ არ გრცხვენიათ, რომ ამ სისულელეებისთვის იცლით და მერამდენე წელია, ამ სასაცილო, ოფიცრისთვის დამამცირებელ თანამდებობაზე ჩერდებით, არ ეძებთ საშუალებას, წინ წაიწიოთ უსაფრთხოების სამსახურში თქვენი რეალური დამსახურებების წყალობით. თუ სამოქალაქო ბრძანდებით, მაშინ ჩვეულებრივი პარაზიტი ყოფილხართ, რომელიც ერთი პრინციპით მოქმედებს – გამოხრას ჩვენი დანიელსონიანი სახელმწიფოს ბიუჯეტი; 67899-ე წერილს როცა მოაწერთ ხელს, მსუყე პრემიების გამოწერა არ დაგავიწყდეთ!

ისე, “პადოშას” თუ იცნობთ? ამ აფერისტ ნაძირალას, რომელიც 2007 წელს “ოპოზიციონერობას” თამაშობდა, ფულის გამო ბადრი პატარკაციშვილს და სხვა ლიდერებს “უძვრებოდა” და თავადაც ლიდერობას ცდილობდა, შემდეგ კი ნიღაბი ჩამოიხსნა და “გამიშისტდა”? ალბათ მისი პორტრეტი გიკიდიათ კაბინეტში, ვინაიდან სწორედ “პადოშას” ინიციატივა იყო ის ე. წ. კანონი, რომლის განუხრელ დაცვასაც ჩემულობთ და სულელურ წერილებს წერთ თქვენი პარაზიტობის გასამართლებლად.

ასეა თუ ისე, ვასრულებ თქვენს თხოვნას და გიდასტურებთ თქვენი ღრმაშინაარსიანი წერილის მიღებას. აქვე გაფრთხილებთ: ხელები მექავება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის “ტოტალიტარული კომუნისტური სიმბოლიკით” გავიარო მარშით – ამ გიგანტური კომუნისტური სახელმწიფოს დროშითა და მისი დამაარსებლის, ამხანაგ მაო ძედუნის პორტრეტით. რუსეთის სამფეროვან დროშას არ ვაფრიალებ, ხომ ხედავთ – არ გაქვთ “პადოშას კანონით” აკრძალული და იმიტომ (სულ მეზარება მაგ “კანონში” ჩახედვა, მაგრამ, მგონი, ასეა). მე კი მხოლოდ აკრძალული ხილი მხიბლავს.

აბა, თქვენ იცით. იმედია, ვინმე წინაპარი გყავდათ ისეთი, რომელიც 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში იბრძოდა ან ამ ომში გამარჯვებისთვის სახელმწიფოს ზურგში შრომობდა თავდაუზოგავად. დიდება მათ ხსოვნას და გისურვებთ, მათი წყალი გადმოგსხმოდეთ!

პატივისცემით,
გულბაათ რცხილაძე
ა(ა)იპ ევრაზიის ინსტიტუტის დამაარსებელი

ge.news-front.info