პოლიტიკა
აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია და ურთიერთობები ჩინეთსა და რუსეთს შორის - გიორგი სტურუა სპეციალურად „საქინფორმი“-სთვის

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. „აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილებამ გავლენა არ მოახდინა ვაშინგტონის მიერ ჩინეთისა და რუსეთის შეკავების ტენდენციაზე. უფრო მეტიც, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ევროპელი, აზიელი და სხვა მოკავშირეების მობილიზებას, რათა მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს პეკინსა და მოსკოვზე. ამ რთულ პირობებში ჩინეთმა და რუსეთმა არა მხოლოდ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ, არამედ კოორდინაცია გაუწიონ ერთმანეთის ზრახვებსა და მოქმედებებს. ჩინეთი და რუსეთი არ აპირებენ ანტიამერიკული ალიანსის შექმნას, მაგრამ მათ სურთ ერთობლივად თავიდან აიცილონ ახალი ცივი ომი შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან. პეკინმა და მოსკოვმა ამის დემონსტრირება მოახდინეს ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც ეფუძნებოდა მათი სტრატეგიული პარტნიორობის კონცეფციას, ეწინააღმდეგებოდნენ რა აშშ-ს ზეწოლას ორმხრივ, სამმხრივ და მრავალმხრივ ასპექტებში.

შეერთებული შტატების მხრიდან ძალდატანებითი და აგრესიული ზეწოლის წინაშე მყოფი ჩინეთი და რუსეთი იძულებულნი არიან დაიცვან სახელმწიფო სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, კონსტიტუციური სისტემა, ეფექტური მმართველობა და ეროვნული ინტერესები, აგრეთვე შემოიღონ საწინააღმდეგო სანქციები. ჩინეთისა და რუსეთის თვალსაზრისით, ეს არის ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფოს გადარჩენის საკითხები. პეკინმა და მოსკოვმა გააძლიერეს და გააღრმავეს სტრატეგიული პარტნიორობა 1996 წლიდან. ისინი გამოირჩევიან მიღწევების გრძელი ჩამონათვალით, მაგრამ ძირითადად უფრო პოლიტიკურ, სამხედრო და პრაგმატულ, ვიდრე ეკონომიკურ, სტრატეგიულ და კულტურულ სფეროებში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია ყურადღებას ამახვილებენ ორმხრივ ურთიერთობებზე შეერთებულ შტატებთან, მაგრამ უფრო მეტად აცნობიერებენ სამმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობასა და აუცილებლობას. უთანასწორო სამკუთხედში ურთიერთობების გადაფორმატირების ერთ-ერთი მაგალითია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის მიტოვება ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების სასარგებლოდ, ამერიკის საპირისპიროდ. როგორც ცნობილია, ჩინეთი და რუსეთი თანამშრომლობენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და BRICS– ის ფარგლებში. ისინი ერთმანეთს მხარს უჭერენ გაეროს უსაფრთხოების საბჭოში და G20– ში. ამის მიუხედავად, მათ აქვთ თავიანთი საკუთარი წარმოდგენები იმის თაობაზე, თუ როგორი პოლიტიკა აწარმოონ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისა და ევროპის მიმართ.

ამავე დროს, აშკარაა გარკვეული ხარვეზები და სისუსტეები ვაშინგტონთან პეკინისა და მოსკოვის ურთიერთობებში. პირველ ყოვლისა, ჩინეთის და რუსეთის მთავრობები ჯერჯერობით ამჯობინებენ არ განიხილონ ძირითადი განსხვავებები, არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ პრივატულადაც. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ. მხარეები ყოველთვის არ ეთანხმებიან ერთმანეთს. მაგალითად, პეკინსა და მოსკოვს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ისეთი თემების მიმართ, როგორიცაა ყირიმი ან ენერგეტიკა. ორი ქვეყნის საექსპერტო წრეები ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ მეორე მხარის სტრატეგიისა და პოლიტიკის მიზანშეწონილობასა და მდგრადობას, განსაკუთრებით შეერთებული შტატების, იაპონიისა და ინდოეთის მიმართ.

გარდა ამისა, მხარეებმა უნდა მოახდინონ დღის წესრიგის კოორდინაცია ევრაზიასა და აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მეორეს მხრივ, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააფართოონ სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთის ალიანსების სისტემის ფონზე. ერთი მხრივ, სტრატეგიული პარტნიორობა უფრო ინკლუზიური და მოქნილია, ვიდრე ალიანსები, მაგრამ მეორე მხრივ, ნაკლებად სავალდებულო და ეფექტური. გარდა ამისა, ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები ხშირად ხდებიან მათი მკაცრი კრიტიკოსები, იჭერენ რა დასავლეთის მხარეს. ჩინეთსა და რუსეთს წინაშე დგას უმთავრესი ამოცანა განამტკიცონ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა და გააფართოონ მეგობართა წრე. ჩინეთმა და რუსეთმა უნდა შექმნან შიდა სტიმულების ბაზა, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აიყვანონ შემდეგ ეტაპზე. უფრო ფართო და მოწინავე ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, საჭიროა გადასვლა ბიზნესის წარმოებიდან ეკონომიკურ და ფინანსურ ურთიერთობებზე, პროექტული თანამშრომლობიდან სამრეწველო პოლიტიკის კოორდინაციაზე და ინფორმაციის გაცვლიდან პოლიტიკურ კონსულტაციებზე.

პოლიტიკურად, ჩინეთი და რუსეთი უნდა ისწრაფოდნენ თავიანთი სახელმწიფო სისტემებისა და მმართველობის უფრო მეტი ლეგიტიმაციისკენ. გარდა ამისა, მხარეებმა უნდა იმუშაონ დიპლომატიასა და უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის ეფექტურობაზე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სინქრონიზაციაზე, რეგიონალური და გლობალური სოლიდარობის დემონსტრირებაზე და დისკუსიის სივრცის ერთობლივ გაფართოებაზე. 2021 წელს სრულდება მეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩინეთ-რუსეთის ხელშეკრულების 20 წლისთავი (ხელმოწერილია 2001 წლის 16 ივლისს).

დადგა დრო პარტნიორობას ახალი პარამეტრები დაემატოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეალობების შესაბამისად. ჩინეთი და რუსეთი უნდა ცდილობდნენ დაამყარონ ზესახელმწიფოებს შორის ახალი ტიპის ურთიერთობები, მთელი მსოფლიოს ინტერესების გათვალისწინებით. ახალი ცივი ომი წინასწარ არ არის განსაზღვრული, მაგრამ ის შეიძლება დაიწყოს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომის შედეგად, რომელიც ახლა გზაჯვარედინზეა.“