საზოგადოება
სად ქირაობენ მათხოვრები ბავშვებს

meore-maTxovariმოგეხსენებათ, ქალაქში უამრავი მათხოვარია: ქალი, კაცი, მოხუცი, ავადმყოფი, ბავშვი... მათგან ზოგს არც ისე უჭირს, რომ სამათხოვროდ ჰქონდეს საქმე. პირიქით, თავად ისე ჩაცმულ-დახურული მათხოვარი მინახავს, სახტად დავრჩი...შემშურდა...

ეს ადამიანები ეკლესიებთან დგანან და მათხოვრობა უკვე პროფესიად ექცათ. როგორ გინდა, გამოარჩიო და მოწყალება ისე გაიღო. სინდისი შეგაწუხებს, მეორესაც არ მისცე... ზოგს ამ დროს შეიძლება ჯიბე სავსე ჰქონდეს, არადა, ისეთი გულუბრყვილო თვალებით გიყურებს... ზოგიც გულწრფელად მეცოდება. მაგალითად, ბავშვები, ოღონდ პატარები, რომლებმაც „არ იციან, რას სჩადიან“ და რომლებსაც საკუთარი მშობლები ყრიან სახლიდან სამათხოვროდ.
არსებობს მათხოვრების მეორე კატეგორია, რომელსაც, უბრალოდ, არ რცხვენია ხელის გამოშვერა და ფულს იოლად შოულობს.

მათხოვარი, რომელმაც დიდი ხანია, ჩემი ყურადღება მიიქცია, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პროსპექტზე უკვე მეშვიდე წელია, ზის. მივუახლოვდი და გავესაუბრე. ყველაზე მეტად გასაკვირი ის არის, რომ ვერა და ვერ გაიზარდა ბავშვი (9 თვის), რომელიც მას ახლავს.

– ქალბატონო, ეს თქვენი შვილია?

– რა გინდა, შვილო, შარს გადამყრი, საქმე არ გაქვს?

– ეს არის ჩემი საქმე.

– რა გინდა, მითხარი..

– მეშვიდე წელია, ამ ტერიტორიაზე გხვდებით და ბავშვი სულ ასეთი პატარაა...

– 9 თვისაა ეს ბავშვი. ჩემი არ არის.

– აბა, ვისია?

– შენ რა, ციდან ჩამოხვედი? ვქირაობ, ფულს ვიხდი ამაში.

– რას ნიშნავს, ქირაობთ, რამდენს უხდით, ვის?

– 10 ლარს დღეში, ჩემი მეზობლისგან ვქირაობ. ასე შევთანხმდით. იმას უჭირს. ბევრი შვილი ჰყავს. რა ქნას, აბა.. ადრე სხვისი ბავშვი მყავდა.

– კი, მაგრამ თქვენ რამდენს შოულობთ, 10 ლარს რომ მეზობელს უხდით?

– 15-20 ლარი ყოველთვის მაქვს, დღეს გააჩნია. აბა, მე მარტო რომ დავჯდე, ვინ რას მომცემს?!. ყველას თავისი გასჭირვებია...


ამბობენ, ჩვენმა მთავრობამ კომისია შექმნაო.

მე კი მინდა, ამ კომისიის ფუნქციაში შედიოდეს ქალაქში მათხოვრების საკითხი, ცალკეული შემთხვევის შესწავლა. კომისიას დაქვემდებარებაში ჰყავდეს მობილური ჯგუფები, რომლებიც გაესაუბრებიან სამათხოვროდ გამოსულთ, რის გაკეთება შეუძლიათ. მოკლედ, ბიოგრაფიას შეადგენენ და ამის შემდეგ უკვე კომისიის წევრებს წარუდგენენ მათ მონაცემებს (ეს საკითხი 1-2 დღეში ვერ მოგვარდება, დროა საჭირო).
მერე კომისია შეისწავლის ამ ყველაფერს და ყველანაირად შეეცდება, დაასაქმოს ქუჩაში მდგომი მათხოვარი. რაც შეეხება მოხუცებს, განათავსონ პანსიონატებში, სადაც უფრო მშვიდად იქნებიან და ქუჩაში არ მოუწევთ მთელი დღე დგომა და ლუკმაპურისთვის მათხოვრობა. ავადმყოფები მოათავსონ სამკურნალო დაწესებულებებში, სადაც მკურნალთა მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და იქნებ ისინიც გამოჯანმრთელდნენ, ბოლოს დასაქმდნენ კიდეც.
რაც შეეხება ბავშვებს: რა თქმა უნდა, მათივე სურვილით, მოაწყონ სკოლებში და ანბანს მაინც ისწავლიან, სხვა თუ არაფერი. შეუქმნან ელემენტარული პირობა, რომ ეს ბავშვი ქუჩაში აღარ გამოვიდეს სამათხოვროდ.
შედეგად კი მივიღებთ: მათხოვრების რიცხვი ქალაქში მკვეთრად შემცირდება, რაც მართლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის. თუმცა არსებობს თუ არა რეალურად ასეთი კომისია, ნამდვილად ეცნობიან თუ არა მათხოვრების საკითხს, ეს არავინ იცის.

და თუ ეს საკითხები კომისიისთვის უცხო არ არის, რატომ ზის ეს ქალბატონი სხვისი შვილით ქუჩაში?!.