საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ლევან ვასაძის საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ 16 მაისს აქციას გეგმავს. ამის შესახებ ვასაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობდი ადგილზე, მინდოდა პარლამენტის წინ, მაგრამ იქ რაღაც პერმანენტული კარვების ქალაქია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს უსამართლო დიხატომიაა, რომელიც ხელოვნურად შექმნეს „ნაცებმა“ და „ქოცებმა“. ქოცების კონტრპროდუქტიული მმართველობის გაკრიტიკებაში ექსკლუზივი აქვთ აღებული „ნაცებს“ მთელი ამ წლების განმავლობაში და ესეც ხელოვნური ხრიკი იყო. რა თქმა უნდა, ხალხში ტყუილად არ არის დარჩენილი ტერმინი „ნაც-ქოცები“ და მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ეს. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს ორი ძალა თეატრალურად კი ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ იდეოლოგიურად ერთმანეთის მკვებავია, რადგან ორივე ანტიეროვნული, ანტისუვერენული და მკვეთრად ლიბერალურია. ამიტომ ეს არის სუვერენისტული, რეალისტური, ეროვნული, ტრადიციონალისტური, კონსერვატიული მოძრაობა „ნაც-ქოცეთის“ წინააღმდეგ“, – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, ძლიერი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს.
„მე ვარ ნამდვილი სახალხო მმართველობის მომხრე. ანუ ჩვენ ვირჩევდით ჩვენს წარმომადგენლებს პირადად, ის, რასაც საქართველოში ამჟამად მაჟორიტარული სისტემა ჰქვია და თითოეული ჩვენ მიერ არჩეული წარმომადგენელი, გინდა საოლქო, რეგიონულ, საქვეყნო დონეზე, პერსონალურად იყოს პასუხისმგებელი ჩვენ წინაშე და არა ეს გაუსახურებული, პოლიტიკოსების ბითუმად ყიდვა-გაყიდვის ინსტრუმენტები. ჩემი პოლიტიკური შეხედულება ქვეყნის სწორი განვითარებისთვის არის, თუ გნებავთ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, პარტიებს საზოგადოებაში ვერ აკრძალავ, მაგრამ სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურებში მე ვარ მომხრე, ყველაფერი იყოს სრულ პერსონალურ პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ვასაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ახალმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ მთავარ მიზნად უნდა მიიჩნიოს ქვეყნის გამთლიანება.
„შეიძლება, ვიღაცას მიავიწყდა და აღარ მიაჩნია ის მთავარ ამოცანად, მაგრამ მე ვიღვიძებ და ვიძინებ ერთი ოცნებით, რომ საქართველო გამთლიანდეს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მე მიმაჩნია ამ ეტაპზე ჩვენს მთავარ ქართულ ოცნებად, მთავარ ნაციონალურ მოძრაობად, რაც გინდათ დაარქვით და შეხედეთ, რა უქნეს მას. საერთოდ ამოღებულია ეს პოლიტიკური დღის წესრიგიდან, ერთი მილიმეტრითაც კი არ წავწეულვართ ამ მიმართულებით. ამიტომ მიმაჩნია, რომ ახალმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, მით უმეტეს, თუ ეს პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და მოახდენს გავლენას ქვეყნის მმართველობაზე და რეფორმებს გაატარებს, თავის მთავარ მიზნად უნდა მიიჩნიოს და დააყენოს საქართველოს გამთლიანება, ჩვენი დევნილების დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში, ჯერ ეს და მერე სხვა ყველაფერი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.