პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი აქციების მოწყობის მომხრეა

kaxakukava1პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ანტიდემოკრატიული ხელისუფლების შეცვლა და თავისუფალი არჩევნების დანიშვნა მხოლოდ მასობრივი საპროტესტო აქციების გზითაა შესაძლებელი, რადგან „აშკარაა, რომ საკუთარი ნებით ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების გატარებას არ აპირებს“.

როგორც საქინფორმს პარტიიდან აცნობეს, „თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა მასობრივ აქციაში, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს ისახავს მიზნად და მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამ აქციის ორგანიზატორი.

„საყურადღებოა ისიც, რომ ხელისუფლება თავისი პოზიციების გამყარების მიზნით, ერთი მხრივ, ქმნის დემოკრატიული რეფორმების ანტურაჟს, აწარმოებს საარჩევნო გარემოს ე.წ. რეფორმას და ა.შ. მეორე მხრივ, რეჟიმი დაინტერესებულია რეგულარულად „ორთქლის გამოშვებით“ და პერიოდულად თავად უკეთებს ინსპირირებას რადიკალური ცვლილებების მოლოდინების შექმნას და შემდეგ არამასობრივი და არამწვავე აქციების გზით ამ მოლოდინების გაქარწყლებას, რაც ჯამში ოპოზიციისა და მთლიანად პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების გულგრილობას იწვევს. შესაბამისად, წინასწარ გვინდა, განვაცხადოთ, რომ თუ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ დაანონსებული რევოლუციები, კონკრეტულად, 2011 წლის მაისში, კიდევ ერთხელ გადაიდება ან საკუთარი პროტესტის მორიგი გამოხატვით შემოიფარგლება, მთელი პასუხისმგებლობა პროცესის წარუმატებლობაზე დაეკისრებათ ორგანიზატორ პოლიტიკურ ძალებს“, – აცხადებენ კუკავას პარტიაში.