საზოგადოება
ზუგდიდის რაიონში ცოფით მსხვილფეხა რქოსანი საქონელი დაავადდა

msxvilfexa_saqoneliსაქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან იუწყება:

„სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ზუგდიდის რაიონის სოფ. გრიგოლიშში მცხოვრები დარეჯან მაქაცარია-ავალიანის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი დაავადებულია ცოფით. შეტყობინების წერილი და ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმის პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაუგზავნეს. გამგეობამ კი შესაბამის სამსახურებს დაავალა პროექტის შესრულება. ამ სამსახურებს შორისაა ზუგდიდის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი, რომელსაც დაევალა გარეულ მტაცებელ ცხოველებში სულადობის შემცირება სათანადო სეზონურობის გათვალისწინების გარეშე. აღნიშნული კლუბის თავმჯდომარე გურამ თირქიას განმარტებით, სავარაუდოდ, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი მგლებმა დაკბინეს, რამაც გამოიწვია საქონლის ცოფით დაავადება.

„სოფელ გრიგოლიშსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მგლები ხშირად ჩნდებიან, იყო საქონლის დაგლეჯის შემთხვევები, მაგრამ ჩვენს კლუბს სახსრები არ გააჩნია, გაუმკლავდეს მგლებს. მგლების ამოწყვეტას სჭირდება 10-მდე მონადირე მეძებარი ძაღლებით, ტყვიაწამალი, მანქანა, ბენზინი, საკვები. თუ სათანადო დაფინანსება იქნება, ჩვენ ძალასა და ენერგიას არ დავიშურებთ“, – აღნიშნა გურამ თირქიამ.

ცოფის გამოვლენის საფუძველზე სოფ. გრიგოლიშში დარეჯან მაქაცარია-ავალიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია ცოფის კერიდან ორი კილომეტრის რადიუსში გამოცხადდა ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედოდ. არ არის გამორიცხული, ამ რადიუსში მოსახლეობის მარჩენალი საქონელი იძულებით გაანადგურონ და დაწვან“.