საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. საქართველოში კოვიდ−პასპორტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ევროკომისიამ გუშინ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა წინადადებით, შემსუბუქდეს შეზღუდვები მესამე ქვეყნების ვაქცინირებული ტურისტებისთვის. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ცალკეული ევროპული ქვეყნები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ ეს რეკომენდაცია შესრულდება, მოქალაქეს დასჭირდება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ აცრა გაკეთებული აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტის, კოვიდპასპორტის შექმნაზე საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს.
სპეციალისტები იმ სამ მაჩვენებელზე საუბრობენ, რომელიც კოვიდპასპორტებში უნდა ჩაიწეროს. ესენია: ვაქცინაციის ისტორია, გადატანილი დაავადების ისტორია და, რიგ შემთხვევაში, PCR−ტესტის პასუხი.
ამასთან ექიმებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად კარგი იქნება, თუ აცრილებს გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ. მაგალითად, კომენდანტის საათის დროს თავისუფალი მოძრაობის უფლება და ასევე დახურულ სივრცეებში შესვლისა.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო მედპერსონალიდან. დაბალი მიმართვიანობის გამო, 25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფები, შემდეგ კი 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 43 ათასზე მეტი ადამიანი.