საზოგადოება
როგორ აღნიშნა მსოფლიო ჩემპიონმა პრეზიდენტის „სიკვდილი“

kandelakiგეხსომებათ მოკრივე გიორგი კანდელაკი, რომელმაც მამულეთში, გორში, სწორედ გუბერნიის წინ, აგერ უკვე 2 წელი იქნება, რაც რესტორანი, უფრო სწორად, სპორტკაფე გახსნა.

საკუთარ „რესტორანში“ ქეიფობდა მსოფლიო ჩემპიონი იმ ავადსახსენებელ დღეს, იმიტირებული ქრონიკა რომ გავიდა „იმედის“ ეთერში, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაღუპვის შესახებ ამცნეს მაყურებელს.

მოკლედ, ისე გახარებია გიორგი კანდელაკს, მაშინვე წამოხტა სუფრიდან და პირდაპირ მიკროფონში გამოაცხადა – ვენაცვალე მაგის გამკეთებლის მარჯვენასო, და ყველა მაგიდას ახალი ამბის აღსანიშნავად, თავისი ანგარიშით, შამპანურები დაუგზავნა. მოკლედ, ადგილობრივთა თქმით, სწორედ ამ ამბის გამო დაულუქეს სპორტკაფე მოკრივეს, რომელიც რამდენიმე დღეში ისევ გაიხსნა და ახლა როცა უნდა შეხვიდე, პოლიციისა თუ პატრულის ჰიმნის ფონზე მოგიწევს მოლხენა. ინფორმაციის შესამოწმებლად ჩვენ თავად გიორგი კანდელაკს დავუკავშირდით:

გიორგი, მართალია, რომ იმიტირებული ქრონიკის ეთერში გასვლისას თქვენ იმდენად გაგიხარდათ პრეზიდენტის გარდაცვალება, რომ თქვენსავე კაფეში ქეიფით აღნიშნეთ?

– არ მახსოვს, იმ დღეს სად ვიქეიფე. ვინ თქვა?

ამას გორელები ამბობენ...

– ტყუილია.

აბა რატომ დალუქეს თქვენი კაფე მეორე დღეს?

– მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ...