იაპონიაში მიმდინარე მოვლენებმა ქართულ ავტობაზარზე მოთხოვნა, შემცირების ნაცვლად, იმდენად გაზარდა, რომ იმპორტიორების ინფორმაციით, შესაძლოა, სულ ცოტა ხანში გაზრდილმა მოთხოვნამ ბაზარზე მანქანების დეფიციტიც კი გამოიწვიოს.
იმპორტიორთა ინფორმაციით, დღეს მსოფლიო ბაზარს 4-ჯერ ნაკლები ავტომობილი მიეწოდება, რის გამოც პროდუქციაზე მოთხოვნა და ფასები ერთდროულად იზრდება.
მოთხოვნის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი ქართულ ბაზარზე კომერციული ბანკების გააქტიურება და მათი მხრიდან დაკრედიტების ზრდაა, რაც გაყიდვების სტიმულირების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.ბაზრის მსხვილი მოთამაშეების ინფორმაციით, მიუხედავად ახალი ავტომობილის 10%-ით, ხოლო მეორადი მანქანების 15%-ით გაძვირებისა, დღეს გაყიდული პროდუქციის 90% მაინც მეორად ავტომობილებზე მოდის. ავტოიმპორტიორთა პროგნოზით, რადგან მსოფლიოს ავტოქარხნების მხრიდან მუშაობის სრულად განახლების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ ვრცელდება, ფასების მატება შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს. ამიტომ, კომპანიების ცნობით, მომხმარებელს მანქანების გაიაფების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.