პოლიტიკა
ევროკავშირის დელეგაცია - მოუთმენლად ველოდებით მომდევნო ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირის დელეგაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს ოპოზიციური პარტიებიდან შეთანხმებაზე ხელმომწერები შევიდნენ პარლამენტში, რათა საქართველოს მოქალაქეების სახელით მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო საქმიანობაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ელოდებიან მომდევნო ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის შეთანხმებული ვადების შესაბამისად.

„ჩვენ გულთბილად მივესალმებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. დღეს ოპოზიციური პარტიებიდან ხელმომწერები შევიდნენ პარლამენტში, რათა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო საქმიანობაში საქართველოს მოქალაქეების სახელით.

მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხის მოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილებები აღნიშნული ვალდებულების განხორციელების მხარდასაჭერად.

ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოითხოვდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამბედაობას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომდევნო ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის შეთანხმებული ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის წინ წასაწევად.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა დანარჩენ არჩეულ წევრს, შეუერთდნენ ამ შეთანხმებას და წვლილი შეიტანონ მის შესრულებაში საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.