საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ჩემგან იქნება ბოლომდე მონდომება და მცდელობა, რომ მაქსიმალურად ვიყო დაბალანსებული და ნეიტრალური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, აუცილებელია, დაბალანსებული, ნეიტრალური იყოს სხდომათა დარბაზში.
„ის, რის დანერგვასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ საპარლამენტო ცხოვრება ნამდვილად გახდეს არა მხოლოდ კანონზე, რომელიც ახალი რეგლამენტით და ახალი კონსტიტუციით, ნამდვილად წარმოადგენს მიღწევას, დაინერგოს პრაქტიკაშიც. ეს ნამდვილად არ არის ადვილი, ერთ დღეში ვერ ხდება ნამდვილად კულტურის ცვლილება. ჩემგან იქნება ბოლომდე მონდომება და მცდელობა, რომ მაქსიმალურად ვიყო დაბალანსებული და ნეიტრალური. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გუნდს წარმოვადგენ და „ქართული ოცნებიდან“ ვარ არჩეული, ამ გუნდის ერთგული წევრი ვრჩები და ჩემი პირადი მოსაზრებები ყოველთვის მექნება, მაგრამ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც სხდომა მიჰყავს, აუცილებელია, ამ სიტყვებს კიდევ რთხელ გავიმეორებ, ის იყოს ძალიან დაბალანსებული, ნეიტრალური და არ იყოს მიკერძოებული სხდომათა დარბაზში. ყოველთვის მექნება საშუალება ჩემი მოსაზრებები, ჩემი პოზიციები გამოვთქვა და ეს კენჭისყრებზეც დაფიქსირდება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ პარლამენტი ნამდვილად იყოს უფრო კონსტრუქციული, საქმიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემი მხრიდან უფრო მეტი თავშეკავება იქნება საჭირო და ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.