აქტუალური
მსოფლიო ბანკი საქართველოს დაფინანსებას 235 მილიონი აშშ დოლარით ზრდის

msof_bankiმსოფლიო ბანკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერას 235 მილიონი აშშ დოლარით გაზრდის, რაც „მიმართული იქნება ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისა და ღარიბი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე“, – განაცხადა მსოფლიო ბანკმა 4 მაისს.

„თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ადგილობრივი და შიდასახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესებასა და რეგიონულ განვითარებას“, – განაცხადა ასად ალამმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.

მსოფლიო ბანკი ახალ პროგრამებს დააფინანსებს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) 160 მილიონი აშშ დოლარით და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) 75 მილიონი აშშ დოლარით.

ამდენად, ბანკის მიერ საქართველოსათვის 2010-2013 წლების ანგარიშში გამოყოფილი IDA-სა და IBRDD-ის სახსრები შეადგენს 630 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 385 მილიონი აშშ დოლარი უკვე დაიხარჯა, – განაცხადა მსოფლიო ბანკმა.

„მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებს კარგი შედეგები აქვს“, – განაცხადა ასად ალამმა.

2009 წლიდან ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამების ძირითად მიღწევებს შორის ბანკმა დაასახელა 600 კმ-მდე გზების რეაბილიტაცია, შვიდი ახალი სკოლის აშენება, სამედიცინო დარგის დაახლოებით 1800 მუშაკის სპეციალური მომზადება, ამბროლაურში 25-საწოლიანი საავადმყოფოს აშენება და გორში პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრის გახსნა.