პოლიტიკა
ერთობით მიღწეული დიადი გამარჯვება: კავკასია დიდი სამამულო ომის წლებში

bondos_masსამშობლოს შეწირული გმირების ხსოვნას მოფრთხილება სჭირდება, ვეტერანების მიმართ გამოჩენილი ყურადღება კი, უპირველესად, ჩვენს თაობას შესძენს ღირსებას - წარსულის გააზრება და მის მიმართ პატივისცემა მომავლის სწორად განსაზღვრაში დაგვეხმარება. სწორედ ეს მუხტი იგრძნობოდა საბრძოლო დიდების ქალაქ ვლადიკავკაზში 28-29 აპრილს გამართულ მეორე საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაზე “ერთობით მიღწეული დიადი გამარჯვება: კავკასია დიდი სამამულო ომის წლებში”.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო კავშირების განვითარების ხელშემწყობი არაკომერციული პარტნიორობა “კავკასიური თანამშრომლობა” და მასში მონაწილეობდნენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, სახელმწიფო მოხელეები და საზოგადო მოღვაწეები, მაძიებელთა მოძრაობის მონაწილენი როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიიდან. კონფერენციის 100-ზე მე­ტი მონაწილე ორი დღის მანძილზე განიხილავდა დიდი სამამულო ომის ისტორიის შესწავლის, ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებში დიადი გამარჯვების ხსოვნის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ფართო სპექტრს.

საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება დიდი სამამულო ომისა და ერთობით მიღწეული დიადი გამარჯვების მიმართ საყოველთაოდ ცნობილია და, შესაბამისად, თუკი სხვა ქვეყნები სახელისუფლო დონეზეც კი იყო წარმოდგენილი, საქართველოს მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციები წარმოადგენდა. კონფერენციის მონაწილეებთან ქართული დელეგაციის წევრების  საუბრებისას არაერთხელ დავრწმუნდით, რომ არც ჩრდილოეთ და არც სამხრეთ კავკასიაში საქართველოს და მის ამჟამინდელ ხელისუფლებას არავინ აიგივებს ერთმანეთთან. ეს გარემოება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მცდელობა, ჩრდილოკავკასიელი ხალხები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, უპერსპექტივოა. 
ქართული დელეგაციის წევრებს - საქართველოს ეროვნული და სოციალური ურთიერთობების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას (დელეგაციის ხელმძღვანელი), საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” მთავარ რედაქტორს არნო ხიდირბეგიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაციის “ისტორიული მემკვიდრეობა” თავმჯდომარეს ტარიელ გაგნიძეს, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორს გულბაათ რცხილაძესა და ამ სტრიქონების ავტორს განსაკუთრებული სითბოთი და გულისხმიერებით გვესაუბრებოდნენ და საგანგებოდ აღნიშნავდნენ ქართველი ხალხის მიმართ დიდ პატივისცემასა და სიყვარულს, მის მნიშვნელობას კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
კონფერენციის მუშაობის დაწყებამდე დელეგატებმა გვირგვინებით შევამკეთ ვლადიკავკაზის დიდების მემორიალი და პატივი მივაგეთ დიდების ხეივანში დაკრძალულ სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეთა ხსოვნას. სხვადასხვა თაობის ადამიანებს - კონფერენციის მონაწილეებს, ვლადიკავკაზის სკოლის მოსწავლეებსა თუ ვეტერანებს, მსახიობებს, რომლების ფრონტის კადრებს აცოცხლებდნენ, ამ დღეს დიადი გამარჯვების მორიგი თარიღის ღირსეულად აღნიშვნა გვაერთიანებდა.
საზეიმო განწყობა მომენტალურად შეგვეცვალა, როდესაც ბესლანის პირველ საშუალო სკოლას ვეწვიეთ. დამთრგუნველი სანახავი იყო სპორტული დარბაზი. აქ 2004 წლის 1-3 სექტემბერს ჯერარნახული ტრაგედია დატრიალდა - ასეულობით ადამიანი, უპირველესად, სკოლის მოსწავლეები და მათი პატარა და-ძმები, ტერორისტების თავდასხმას ემსხვერპლნენ. ყველგან სათამაშოები და წყალი, წყალი, წყალი... იმის გასახსენებლად, რომ მწყურვალ ბავშვებს სამი დღის მანძილზე წყალსაც არ აძლევდნენ სულის მოსათქმელად... თვალცრემლიანები ვათვალიერებდით დაცხრილულ კედლებზე გამოფენილ დაღუპულთა ფოტოსურათებს. ძნელია ამ დროს ემოციების მოთოკვა. ამიტომაც იყო, რომ ბევრს ემოციამ გვძლია და ცრემლს მალულად ვიმშრალებდით. შემდეგ კი “ანგელოზთა ქალაქის” - არაადამიანების მიერ უმოწყალოდ დახოცილთა მემორიალურ სასაფლაოზე, სადაც ყველა ერთად დაკრძალეს, პირგამეხებულები უხმოდ ვათვალირებდით მათ უკანასკნელ განსასვენებელს და ვფიქრობდი: მსოფლიოს ყველა ქვეყნის პრეზიდენტი, ფიცის დადების შემდეგ აქ, სწორედ აქ, ბესლანის სკოლის სპორტულ დარბაზში, ამ “ანგელოზთა ქალაქში” უნდა მოვიდეს, რათა სიღრმისეულად გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა მომავალი თაობებისა და ისტორიის წინაშე (ამ თემაზე მომავალ პუბლიკაციაში ვრცლად ვისაუბრებ). 
ასეთი ემოციებით დატვირთულები დავბრუნდით ვლადიკავკაზის მერიის შენობაში, სადაც ფოიეში გამოფენილი საბრძოლო დიდების ამსახველი სტენდებიდან შემოგვყურებდნენ გმირები, რომლებმაც ერთიანი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის უბადლო მაგალითები გვიჩვენეს და ხალხის ხსოვნაში სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი. 
კონფერენციას უძღვებოდა “კავკასიური თანამშრომლობის” დირექტორი ნიკოლაი სილაევი, რომელიც კავკასიის პრობლემატიკას სიღრმისეულად იცნობს და კავკასიის საკითხებისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიების სულისჩამდგმელია. 
ქართული დელეგაციიდან მოხსენებებით გამოვიდნენ ბატონები ალექსანდრე ჭაჭია, არნო ხიდირბეგიშვილი და გულბაათ რცხილაძე. ამ და სხვა გამოსვლების შესახებ მომდევნო წერილში გიამბობთ და კონფერენციის შესახებ ამომწურავ პუბლიკაციას შემოგთავაზებთ.
ასევე საგანგებოდ ვისაუბრებთ ვლადიკავკაზის #19 ქართულ სკოლის შესახებ, რომელიც 120-წლიან ისტორიას ითვლის და ჩრდილოეთ ოსეთში ჩაუმქრალი ქართული კერაა. იმ სასწრაფოდ მისახედი ეკლესიის შესახებაც გიამბობთ, სადაც სამი თვის ასაკში მონათლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. 
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქართული დელეგაციის მიმართ გამოჩენილი ყურადღება ოსი მასპინძლების მხრიდან, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში, როგორც კავკასიური ტრადიციე­ბის ერთგულების ნიშანი იმ რწმენის განსამტკიცებლად, რომ ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობაში პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლობით გაჩენილი ბზარი არც ისე ღრმაა და მომავალში აუცილებლად და­იძლევა. ასევე აღდგება კავკასიის ხალხებს შორის კეთილმეზობლობა და მეგობრობა, რადგან ჩვენ საერთო უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე განმასხვავებელი. უპირველესად კი, საერთო წარსული გვაკავშირებს და დიადი გამარჯვება - ერთობით მიღწეული.

 

ბონდო მძინარაშვილი

 

http://geworld.net/society/1277.html