საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი, - ასე ეხმაურება ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიას გაითხოვენ, მზად არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ მედიატორი ნიკა მელიას წინადადებას დათანხმდება მზად არიან მას მხარი დაუჭირონ.
მისივე თქმით, ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს და ამის განზრახვა არავის არ აქვს.
,,ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა, ეს არის ბატონი მელიას პოზიცია, რომელიც მედიატორმა უნდა განიხილოს. ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს, არავის ამის განზრახვა არ აქვს. თუ იქნება მცდელობა, რომ ,,ქართული ოცნება” დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, ჩვენი ამოცანაა საბოლოო ჯამში, ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი უნდა გათავისუფლდეს ხვალ, როდესაც შევალთ პარლამენტში და მეორე პოლიტპატიმრის ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის ევროკავშირის გირავნობას დაეთანხმოს, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.