სამართალი
რამდენი დეპუტატი იმუშავებს პარლამენტში ბოლო მონაცემებით

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ბოლო მონაცემებით, 27 აპრილიდან საპარლამენტო ცხოვრებაში კიდევ 18 ოპოზიციონერი ჩაერთვება. როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერები ამბობენ, ამით მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ახალი ეტაპი დაიწყება.

პარლამენტში მუშაობის ვალდებულება აიღო „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამმა დეპუტატმა, უარს ამ ბლოკიდან მხოლოდ თაკო ჩარკვიანი ამბობს. სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება „ლელო“ 4 დეპუტატით, „რესპუბლიკური პარტია“ 2 წევრით, ყოფილ თანაგუნდელებს ზურაბ ჯაფარიძე დაემატება და საკანონმდებლო ორგანოში „გირჩის“ 3 და „გირჩი მეტი თავისუფლებას“ 1 წარმომადგენელი იმუშავებს.

ამ დროისთვის ყველაზე მეტი ცარიელი სკამი ისევ მიხეილ სააკაშვილის გუნდის ადგილას იქნება, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პარლამენტში მუშაობისთვის მზად არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულები - გრიგოლ ვაშაძე და სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიით გასული 5 წევრიდან კი ევროპულ შეთავაზებას, მხოლოდ 3 დათანხმდა. შედეგად, პარლამენტში ახლა 117 დეპუტატი იკრიბება.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

Sputnik-Georgia