საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 აპრილს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა, სადაც მხარეებმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ნატოს მოახლოებული სამიტის, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების და ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ ისაუბრეს.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმებას მიესალმა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელობა განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო ნატოს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. „ხაზი გაესვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას“, – აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახური.
სალომე ზურაბიშვილმა და იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა ნატოს მხრიდან შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
რაც შეეხება ავღანეთიდან ნატოს ძალების გაყვანას, ნატოს გენერალურმა მდივანმა „განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს გამორჩეულ როლს ავღანეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, რაც დადებით როლს ითამაშებს მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით“.