ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის – ეროსი კიწმარიშვილის, განცხადებით, „ილუზიაა“ იმაზე ფიქრი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელს შეუწყობს ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას და ერთადერთი გზა ხელისუფლების შესაცვლელად არის მშვიდობიანი რევოლუცია.
„სიტუაცია ყველა თვალსაზრისით მისულია ისეთ მდგომარეობამდე, რომ უნდა მოხდეს განმუხტვა და ეს სიტუაცია უნდა განიმუხტოს წელს“, – განაცხადა ქართული პარტიის თანადამფუძნებელმა და პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა.
ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ საუბრისას კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ „საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ნაკლებია იმ ილუზიის მქონე ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შესაძლებელია, სააკაშვილმა რაიმე არჩევნებით დათმოს“.„ქართული პარტია, რომელმაც აპრილის ბოლოს დაამთავრა თავისი სტრუქტურების მშენებლობა, დღეიდან უახლოეს მომავალში დაგანახვებთ ქართველ საზოგადოებას აქტივობის ისეთ მასშტაბებს, რომელიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებაში მთლიანად დავაბრუნოთ იმედი, რომ ცვლილება შესაძლებელია“, – განაცხადა მან.
„ჩვენ ყველაფერი გვაქვს მზად იმისათვის, რომ დავამთავროთ საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი... მე პოლიტიკიდან წავალ, თუ ჩვენ წელს ვერ მივაღწევთ შედეგს; არ მექნება უფლება, ვილაპარაკო ოდესმე როგორც პოლიტიკოსმა; მე ჩემს პოლიტიკურ კარიერას ვდებ [სასწორზე]“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.
„ჩვენ ვართ ზუსტად ის მოლოტოვის კოქტეილი, რომელშიც არის ის ინგრედიენტები, რომელიც იწვევს იმ მუხტს, რომელსაც შეუძლია ამ რეჟიმის შეცვლა“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ტყუილად ფლანგავენ დროს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებებში არიან ჩართული და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნაზე დათანხმდება. მან, ასევე, განაცხადა, რომ სააკაშვილი ამ პროცესიდან სარგებელს იღებს იმით, რომ დემოკრატიული პროცესის ილუზიას ქმნის.
კიწმარიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ 2012 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, „არაკონსტიტუციურია“, ვინაიდან ეს გაახანგრძლივებს 2008 წლის მაისში ოთხი წლით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადას. კონსტიტუცია, ერთი მხრივ, განსაზღვრავს, რომ მორიგი საპარლამენტო არჩევნები „პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში“ ტარდება და, მეორე მხრივ, ადგენს, რომ საკანონმდებლო ორგანო ოთხი წლის ვადით ირჩევა.
კიწმარიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება არარეალურია და სააკაშვილის გადადგომის მიღწევის გარანტია მხოლოდ „რადიკალიზაციაა“.
„სამწუხაროდ, ჩვენ დაგვრჩა ერთი არჩევანი – ერთიანი ძალით ეს რეჟიმი მოვაშოროთ და მერე ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა მან.
ქართული პარტიის ეს მიდგომა ძალიან ჰგავს ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსა“ და „სახალხო კრების“ პოზიციას. სახალხო კრებამ გამოაცხადა, რომ 21 მაისიდან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს. თუმცა ბურჯანაძესა და ქართული პარტიის ზოგიერთ ლიდერს შორის არსებული პირადი დაპირისპირება მათი თანამშრომლობის შესაძლებლობას ამცირებს.