საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. რეინჯერთა მომზადების ურთულესი სასწავლო კურსი 57-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოსამზადებელი კურსი 2020 წლის 9 ნოემბერს დაიწყო და ნახევარ წელს გაგრძელდა. მასში 191 კურსანტი მონაწილეობდა, რომელთა სწავლას სპეცდანიშნულებისა და და რეინჯერების მომზადების სკოლის 20 ინსტრუქტორი უძღვებოდა. კურსი შედგებოდა სამედიცინო, ტოპოგრაფიულ, სამთო, საინჟინრო, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან.
სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თეიმურაზ ყლატეიშვილის განცხადებით, კურსანტებმა ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ რთული გზა გაიარეს იმისთვის, რომ ეს კურსი წარმატებით დაემთავრებინათ.
„კურსი მოიცავდა როგორც სამედიცინო სწავლებას, ისე ბრძოლას დასახლებულ პუნქტში, საინჟინრო მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიას. ვფიქრობ, რომ ეს კურსი ჩატარდა წარმატებით. ეს არის რეინჯერთა კურსის მერვე გამოშვება“, – განაცხადა ყლატეიშვილმა.
რეინჯერთა კურსის დახურვის საზეიმო ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში გაიმართა.
კურსის დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. მან რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა. პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.
კურსანტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ მათ შეძენილი უნარები წარმოადგინეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით, რეინჯერებმა რეიდის ოპერაცია განახორციელეს, რომელშიც ქვეითთა საბრძოლო მანქანა „დიდგორი“ და ფუჭი ვაზნების გამოყენებით M-4 და PK ტყვიამფრქვევები იყო ჩართული.
საზეიმო ცერემონიის ფარგლებში სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ენახათ კურსის მიმდინარეობის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეოკოლაჟი, დაეთვალიერებინათ ტექნიკა. კურსანტებმა ასევე წარმოადგინეს ხელჩართული ბრძოლის ხელოვნება.
Sputnik-Georgia