აქტუალური
დავით უსუფაშვილი - რადგან შეთანხმების დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

როგორც მან ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს და ქვეყანაში მშვიდობა იყოს.

დოკუმენტზე ხელი მოაწერეს „ლელოს“ ლიდერებმა პარტიის სახელით და ბუნებრივია, აქ მეც ვიგულისხმებოდი, თუმცა ვინაიდან ასე წავიდა პროცესი, რომ ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე. ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია იმიტომ, რომ შეთანხმებას თავიდანვე ცოტა მომხრე და ბევრი წინააღმდეგი ჰყავდა, პირველ რიგში მმართველი პარტიის მხრიდან. ამ შეთანხმების აღსრულებისთვის არის ძალიან ბევრი კონკრეტული თემა და პრობლემა მოსაგვარებელი. ამისთვის საჭიროა იმ ოპოზიციური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანობა, ვინც ხვდება, რომ ქვეყანა არის უფსკრულის პირას და ქვეყანა სწორი მიმართულებით უნდა შემოვატრიალოთ. ამას სჭირდებოდა ეს შეთანხმება. კარგია, რომ მოიძებნა ფორმულირებები, რომელიც დასახვეწია, ბევრი იქნება ინტერპეტაცია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც ხვალ სამუშაო ადგილებს გააჩენს ან ქვეყანაში უსამართლობას მოსპობს.

ეს არის დოკუმენტი, რომელიც გახსნის გზას უკეთესი ცხოვრებისკენ და უკეთესი არჩევნებისკენ. ამიტომ, თუ ვინმე ელოდა, რომ ამ დოკუმენტით ცუდი ხელისუფლება კარგით შეიცვლებოდა, „ქართული ოცნება“ გადასხვაფერდებოდა ან სამუშაო ოთახს დატოვებდა, ცხადია, ეს მიამიტობა იყო", - განაცხადა უსუფაშვილმა.