საზოგადოება
გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ვიდეომასალა ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 დეკემბერს დატოვა. „ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოსდა ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.