საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თანაგუნდელებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, ევროკავშირის კომპრომისულ წინადადებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოსთან ერთად ის ორი პარტიაა, რომლებსაც პრეზიდენტის სასახლეში ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ ახალ კომპრომისულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად დოკუმენტში არსებული „ბევრი ხარვეზისა“, ის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებაზე „პრაქტიკულად რეფერენდუმის“ დანიშვნის შესაძლებლობას ქმნის, რაც მისივე შეფასებით, „[ბიძინა] ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების“ შესაძლებლობაა.
მიხეილ სააკაშვილმა ამით შეთანხმების დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, თუკი შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება ხმების 43%-ს ვერ მოაგროვებს, ის 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვალდებულებას იღებს.
„ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად, [უნდა] გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმაც დემოკრატიულობის ფარგლებში, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრნი, ძალიან ქმედუნარიანები, ძალიან მობილიზებულნი“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
დასასრულს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ქვეყანა 2013 წელს, ქართული ოცნების მხრიდან სავარაუდო პოლიტიკური დევნის მიზეზით დატოვა, თქვა, რომ იგი საქართველოში შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინ ჩამოვა. „ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის“, – მიმართა მან მხარდამჭერებს.