პოლიტიკა
ქართული ოცნება მზად არის, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. გუშინდელი განცხადების შემდეგ, ქართულ ოცნებაში ახლა უკვე აზუსტებენ, რომ პარტია მზად არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

ქართულ ოცნებაში განმარტეს, რომ მმართველი გუნდი მზად არის ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ 43%-იანი ნდობის მიღებასთან მიბმას მხარი დაუჭიროს, „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში“.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება ხმების 43%-ის მიღებას ვერ შეძლებს, ის 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილში ამომრჩევლის ხმების 48% მიიღო.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მედიაციით გაწეული ძალისხმევა 31 მარტს მეორედ ჩავარდა. მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის ქრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვეს. მმართველმა გუნდმა დოკუმენტს ხელი 16 აპრილს, შარლ მიშელის მიერ 18 აპრილს ახალი წინადადების წარდგენამდე ორი დღით ადრე მოაწერა. სამმა ოპოზიციურმა პარტიამ და ქართულმა ოცნებამ ახალ კომპრომისულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზაობა უკვე დააფიქსირეს.