კვახაძე და რაზმაძე მსაჯის გინების გამო პოლიციამ დასაჯა
ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში რუსთავის „ოლიმპსა“ და „ზესტაფონს“ შორის მომხდარი ინციდენტისა და მსაჯის გინების გამო მასპინძელი გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე და ფეხბურთელი ლუკა რაზმაძე ესტეკამ 5-5-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 600-600 ლარით დასაჯა. ფეხბურთელებს უქმობა სეზონის ბოლომდე მოუწევთ. საინტერესოა, ფედერაციაში რა კომენტარს გააკეთებენ. როგორც წესი, მინდორზე თამაშის დროს მომხდარ ნებისმიერ ფაქტს ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და ვერდიქტსაც ის აწესებს, რაც უკვე ზემოთ ვახსენეთ. ალექსანდრე კვახაძე და ლუკა რაზმაძე რუსთავის პოლიციამ დააკავა. განყოფილებიდან ფეხბურთელები მხოლოდ გვიან ღამით გამოუშვეს. როგორც მათ პოლიციაში განუმარტეს, „ზესტაფონთან“ შეხვედრისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მათი გინების გამო პოლიციაში საჩივარი შევიდა, რის შემდეგაც მოხდა ფეხბურთელების დაკავება.
მომხდარის გამო ლექსო კვახაძე აღშფოთებას ვერ მალავს და აცხადებს, რომ ამის თაობაზე მედიამ ხმა უნდა ამოიღოს, რადგან მსგავსი შემთხვევას მსოფლიოში პრეცედენტი არ ჰქონია: „დღეს დილით დაგვაკავეს როგორც კრიმინალები და მთელი დღის განმავლობაში არ გამოგვიშვეს, ვარჯიშიც კი გაგვაცდენინეს. იქვე მოაწყვეს სასამართლო და გაგვასამართლეს. ან 90 დღე ადმინისტრაციული დარღვევისთვის, ან 100 ლარი... და მოსამართლემ იქვე გამოგვიწერა 100-ლარიანი ჯარიმები ორივეს. მე თუ წესებს ვარღვევ მოედანზე, არსებობს ამის განმსჯელი შესაბამისი ორგანო და მან უკვე გამოგვიტანა განაჩენი. საქართველოში აქამდე არ მომხდარა, რომ მსაჯის გინებისთვის ფეხბურთელი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაესაჯათ, ჩვენთვის კი ეს მოხდა. არ მგონია, რომ ახლაც რომელიმე გულშემატკივარს დაერეკა პოლიციაში ამის გამო. თუ უნდათ, ფეხბურთს თავი დაგვანებებინონ, თქვან პირდაპირ, ფაქტია, რომ ისევ ფედერაციიდან ან მათი უწყებიდან „აწყობდა“ ვიღაცას ეს. ფეხბურთს სულ რომ თავი დავანებო, მაინც ხმამაღლა ვიტყვი და მინდა, ყველამ თქვათ, რომ ის, რაც ხდება, არის მიზანმიმართული ზეწოლა ჩვენ მიმართ. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს?!.“ საინტერესოა, თავად ფედერაცია რა პასუხს გასცემს ფეხბურთელებს ბრალდებაზე და არის თუ არა, საერთოდ, მომხდარის შესახებ საქმის კურსში.