საზოგადოება
საქართველოში რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია

radaiaciaგარემოს დაცვის სამინისტროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტებმა იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებზე უახლესი ტიპის დეტექტორებით რადიაციული ფონი შეამოწმეს და მოსახლეობას ქვეყანაში არსებული რადიაციული ფონის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. „ეს იყო დამატებით კიდევ ერთი შემოწმება მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით. ჩვენ გავზომეთ ჰაერის დაბინძურების დონე, გამაგამოსხივება და რადიაციული ფონი, რომელიც ნორმის ფარგლებშია და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო“, – განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ.

ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო არის რეგიონის ცენტრი, საიდანაც მთელი შუა აზიის ქვეყნები ავტომანქანებით მარაგდება. საექსპორტო მანქანების ძირითადი ნაწილი კი სწორედ იაპონიიდან შემოდის, რის გამოც ამ ქვეყნიდან შემოსული ტვირთის რადიაციული ფონის კონტროლი გამკაცრებულია.

„ამდენად, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჰაერის დაბინძურების ხარისხის მონიტორინგი განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქართველოში იაპონიიდან შემოსულ ავტომანქანებზე მომატებული რადიაციული ფონი არ დაფიქსირებულა“, – განმარტავენ გოგა ხაჩიძის უწყებაში.

გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები რადიაციული ფონისა და ჰაერის დაბინძურების ხარისხის რეგულარულ შემოწმებას მომავალშიც გააგრძელებენ.