უცხოეთი
მედია - აშშ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს აღარ განათავსებს

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. შეერთებულმა შტატებმა ორი სამხედრო გემის შავ ზღვაში განთავსების გადაწყვეტილება გააუქმა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქმა დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს.

მათი ცნობით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ნაბიჯის შესახებ შეატყობინა, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებიათ.

აშშ-ის ოფიციალური პირების განმარტებით, ისინი ხშირად უგზავნიან თურქეთს შეტყობინებას შავ ზღვაში პოტენციური შესვლის შესახებ, მაგრამ თხოვნა სულაც არ ნიშნავს, რომ აშშ-ის გემები თურქეთის სრუტეებს აუცილებლად გაივლიან, არამედ უზრუნველყოფს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათ საჭირო თანხმობა ჰქონდეთ.

ვაშინგტონი და ნატო შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გაძლიერების გამო. გასულ კვირას, თურქეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნას გეგმავდა.

interpressnews.ge