გიგა ბეჭვაია გულშემატკივარს ბოდიშს უხდის
თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 30 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის მატჩში „ვიტ ჯორჯია“-„სიონს“ შორის ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან გარიგების გამო დააკავა. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ფეხბურთელი სხვა დაკავებულებთან ერთად გაათავისუფლეს. მომხდართან დაკავშირებით ფედერაცია სანქციის მიღებას გამოძიების დასრულების შემდეგ გეგმავს. დღეს საქინფორმი გიგა ბეჭვაიას ესაუბრება.
– როდის ესაუბრეთ გაბედავას და თუ ესწრებოდნენ ამ პროცესს „სიონის“ ფეხბურთელები? – არა, ამას ვერ გეტყვით. გაბედავას რამდენიმე წუთით ვესაუბრე. მას საერთოდ არ ვიცნობ. – როგორ დაგიკავშირდათ ან როგორ გაიგო თქვენი ნომერი? – ტელეფონით დამიკავშირდა... ნომერი ვინ მისცა, არ ვიცი, მაგრამ არ გასჭირვებია გაგება. ეს პირველი შემთხვევა იყო. – გუნდელები თუ შეგეხმიანენ მომხდარის შემდეგ და როგორ გგონიათ, გეპატიებათ ეს საქციელი? ბევრმა საკუთარი გუნდის ღალატში დაგდოთ ბრალი... – შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გუნდს ვუღალატე. მე ბიჭებთან ერთად გამოვედი და დიდი წვლილი შევიტანე გამარჯვებაში. თამაში არ გამიყიდია და არ „მიმიცია“ ვინმესთვის. გამოვედი მინდორზე, გუნდის ინტერესებიდან გამომიდინარე, გავიტანე გოლი და მეორე გოლშიც დიდი წვლილი მიმიძღვის. ალბათ, გაზეთებიდან გამომდინარე, ვიმსახურებდი სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრასაც. გუნდისთვის არ მიღალატია, რაც შეეხება ჩემს პირად დანაშაულს, ის მხოლოდ ჩემი დანაშაულია და ჩემი გუნდელები ამაში ჩარეული არ არიან. თუ რამე დავაშავე, ჩემს თავს დავუშავე. – იგივე რომ გაეკეთებინა თქვენს თანაგუნდელს, აპატიებდით? – შემეძლო მეპატიებინა, თამაში არ გაყიდულა და ამით არავინ დაზარალებულა, ჩემ გარდა. უაზროდ და სულელურად საკუთარ თავს მივაყენე ზარალი. – გუნდის დირექტორმა მალხაზ კაკაურიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში თქვენს საქმიანობას უდიერად ეკიდებოდით და ამის გამო კაპიტნობაც კი ჩამოგართვეს. სამტრედიაში, როგორც ამბობენ, სამკლაური ძირს დაგიგდიათ... კიდევ რომელ თამაშებს გულისხმობდა კაკაურიძე? – კაპიტნობა ფორმალურად დროებით ჩამომართვეს, რადგან სამკლაური „სამტრედიასთან“ ცვლილების დროს არ მოვიხსენი ისე, როგორც წესი და რიგი იყო და არ გადავეცი თანაგუნდელს. ისე მოხდა, რომ იმ მომენტში სამკლაური ძირს დავარდა. კაპიტნობა „გაგრის“ ნახევარფინალის განმეორებითი მატჩის წინ უკვე უნდა აღმდგენოდა. ამ ფორმალურ ფაქტზე არ ღირს ყურადღების გამახვილება. მე გუნდის კაპიტანი ვიყავი, რადგან ეს დავიმსახურე და არა სხვა რაღაცების გამო. – ისე, წარმატებული სეზონი გქონდათ... – ბოლოს გავეხვიე შარში... – ეს ისევ თქვენი ბრალია... – რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი დაუდევრობისა და დაუფიქრებლობის გამო მოხდა.
– ხელმძღვანელობა თუ გესაუბრათ და რა გადაწყვიტეთ? – დიახ, ვისაუბრეთ. იმედგაცრუების ტონი იგრძნობოდა. ყველა ელოდა, რომ სეზონს წარმატებით დავამთავრებდით... – ამბობდნენ, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ტოვებდით. მართალია? – კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა კონტაქტი მქონდა სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებსა და აგენტებთან და დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს გუნდს შევიცვლიდი. თუმცა, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ცუდ დღეში ვარ. გესმით, ალბათ... – ჩანაწერის მიხედვით, იმ 20 ათასი ლარიდან 4000 ლარი უნდა აგეღოთ. სად წავიდა დანარჩენი ფული? – ერთი თეთრიც არ ამიღია, შემიძლია დავიფიცო. – გუნდის მედიაოფიცერმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბიდან გათავისუფლებული ხართ. ეს უკვე ოფიციალურად მოხდა? – ეს ჩემთან შეთანხმებით არ მომხდარა და კონტრაქტი არ გაწყვეტილა, გათავისუფლების ფურცელი არ მოუციათ და, აქედან გამომდინარე, ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. ამ ეტაპზე რა ხდება, ვერ გეტყვით. – ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ამ საქმეში გარეული ფეხბურთელების მიმართ მკაცრ განაჩენს გამოიტანს... – მინდა, მომხდარის გამო დიდი ბოდიში მოვუხადო როგორც ფედერაციას, ისე მის ხელმძღვანელ ზვიად სიჭინავას. ეს გაუგებრობა ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა და ყველას დავარწმუნებ, რომ მსგავს საქმეში აღარ გავერევი. არც აქამდე ვყოფილარ არასპორტულ საქციელში შენიშნული და მინდა, ვთხოვო ფედერაციას, ძალიან მკაცრი ნუ იქნება ჩემ მიმართ. ვწუხვარ, რომ ასეთ უსიამოვნებაში გავეხვიე. – გასაგებია, რომ უჭირს „ბაიას“, „სამტრედიას“, მაგრამ აქტუალური თემა ისიც იყო, რომ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა, რატომ გაერია ამ უმსგავსობაში? – პირდაპირ გეტყვით. ის მანქანა, რომელიც ამჟამად მყავს, ბევრს მოსწონს. ჩემი საკუთარი ფულით ვიყიდე. სამი წლის განმავლობაში ვაგროვებდი თანხას, კაპიკი არავის მოუცია. და მაინც, დამაკლდა ფული და 10 ათასი დოლარი „პრივატ ბანკიდან“ გამოვიტანე. ყოველთვიურად ბანკში 416 დოლარსა და 40 ცენტს ვიხდი. ლაპარაკი იმაზე, რომ მე შეძლებული ოჯახიდან ვარ, სისულელეა. მაშინ საერთოდ არ ვითამაშებდი ფეხბურთს და სტადიონზე ტყუილად არ გავოფლიანდებოდი. იმასაც ვიტყვი, რომ თბილისის „ვიტ ჯორჯია“ არ არის დიდბიუჯეტიანი გუნდი. – ზოგადად, როგორი ანაზღაურებაა გუნდში და ხელფასები და პრემიები თუ გვიანდება? – გუნდში საშუალო ხელფასია. მე ხელფასი არ მიგვიანდება. რაც შეეხება პრემიას, საკმაოდ სოლიდური თანხა მაქვს ასაღები. მსოფლიოში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, დაგროვდა ეს დავალიანებები, მაგრამ რიგრიგობით იღებენ ბიჭები. – რამდენიმე თამაშია, გუნდს წინასამატჩო შეკრება არ ჰქონია. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ ზურაბ ბერიძემ, რაც მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ფეხბურთელებს გთხოვათ, ხელფასისა და პრემიის განახევრებას დათანხმებოდით და ისე დაგესრულებინათ სეზონი. – ეს ხელფასს არ შეხებია. პრემიალურზე კი სიმართლეა. – ხვალ „ვიტ ჯორჯია“ თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში „გაგრას“ უპირისპირდება შენ გარეშე... – მართალია, მე არ ვიქნები, მაგრამ აუცილებლად ვუგულშემატკივრებ გუნდს. მინდა, წარმატება ვუსურვო. აუცილებლად მივალ დარჩენილ თამაშებზე და მხარს დავუჭერ. ამ გუნდში ჩემი მეგობრები თამაშობენ. – მათთვის თვალებში შეხედვის არ შეგრცხვებათ? – არ შემრცხვება. მათთვის მე ზიანი არ მიმიყენებია. უბრალოდ, ვინანიებ ჩემს საქციელს და პატიებას ვთხოვ ყველა გულშემატკივარს. თუ შანსი მომეცემა, დავამტკიცებ, რომ ადამიანს შეცდომის გამოსწორება შეუძლია, ფეხბურთი კი ჩემი ცხოვრების ნაწილია.