სამართალი
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი ჩაამსხვრიეს

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი ჩაამსხვრიეს. შემთხვევა 14 აპრილს, გვიან ღამით მოხდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს ისევ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

„ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მისული და ფაქტს სწავლობენ, თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება. დაზიანებულია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ჩვენი ოფისის კარი. მინები სულ ჩალეწილია“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.