პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ექვსმა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ქართული ოცნების ხუთმა დეპუტატმა გუშინ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისინი ქართულ ოცნებას ტოვებენ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სამომავლო პარტიას უერთდებიან. დეპუტატების განცხადებით, მათ რიგებშია ოცნების კიდევ ერთი წევრი მიხეილ დაუშვილიც, რომელიც კოვიდ-19-ით არის ინფიცირებული და გუნდს მოგვიანებით, გამოჯანმრთელების შემდეგ შეუერთდება.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების რიგებში არიან:

გიორგი ხოჯევანიშვილი;

ანა ბუჩუკური;

ალექსანდრე მოწერელია;

ბექა ლილუაშვილი;

შალვა კერესელიძე;

მიხეილ დაუშვილი.

პრესკონფერენციაზე გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ მათ გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან ერთად მიიღეს და ისინი „პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადადიან“. მისივე განცხადებით, ისინი პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ. ხოჯევანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარტიიდან წასულები იზიარებენ ქართული ოცნების „წარმატებასა და წარუმატებლობებს“, ამავდროულად გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც.

„ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთ პრობლემებთან, როგორებიცაა – პანდემია ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე. ეს ის პრობლემებია სწორედ, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას აინტერესებს და არა პოლიტიკური პარტიების დაუსრულებელი დაპირსპირება და კინკლაობა“, – თქვა ხოჯევანიშვილმა და დაამატა, რომ სამომავლო გეგმებზე დეტალურად გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში ისაუბრებენ.

მმართველო გუნდის შეცდომების კონტექსტში ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვაზე – „იყო თუ არა [2019 წლის] 20 ივნისი შეცდომა?“, – ხოჯევანიშვილმა უპასუხა – „პრობლემები და შეცდომები იყო და ამ შეცდომებს ჩვენ ვიზიარებთ“.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და განხეთქილებას საზოგადოებაში“, – განაცხადა მანვე ვადამდელ არჩევნებზე დასმული კითხვის პასუხად.

ექვსი თანაგუნდელის წასვლის შემდეგ, ქართულ ოცნებას პარლამენტში 84 დეპუტატი დარჩა. პარტიიდან კიდევ 9 დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, „ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს.

გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად გუნდთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოება დაასახელა. ყოფილმა პრემიერმა 23 მარტს განაცხადა, რომ იგი არსად წასვლას აპირებს, მათ შორის, არც პოლიტიკიდან.