პოლიტიკა
სააპელაციო სასამართლო - ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარი „დისკრიმინაციულია“

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელმაც ბათილად ცნო ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის უარი ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე და მას „დისკრიმინაციული“ უწოდა.

ორივე ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს – „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“ – თხოვნაზე, რომ მერიისთვის მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემა დაეკისრებინათ. სანაცვლოდ, საქმე ხელახლა განსახილველად ქალაქის ხელისუფლებას დაუბრუნდა.

„ეს არის ეროვნული სასამართლოების ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც წლების განმავლობაში მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების ხელყოფის დისკრიმინაციულ პრაქტიკას აღიარებს და მათი უფლებებისა და ღირსების აღდგენის სამართლებრივ წინაპირობებს ქმნის“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, რომელიც „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან“ ერთად სასამართლოში „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ინტერესებს იცავს.

თუმცა, ორგანიზაციამ იქვე განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი უკვე ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადასტურებული, „აზრს კარგავს მერიისთვის საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ახალი აქტის გამოცემის დავალება“.

ადგილობრივმა საინიციატივო ჯგუფმა სარჩელი სასამართლოში 2017 წელს მას შემდეგ შეიტანა, რაც ბათუმის მერიამ ფონდს საკუთარი შემოწირულებებით ნაყიდ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განაცხადა, რომ მანამდე ხელისუფლება ადგილობრივი მუსლიმი თემის თხოვნებს მეჩეთისთვის მიწის გამოყოფაზე უგულებელყოფდა.

მოსარჩელეები ამ გადაწყვეტილების გაუქმებას, მერიისთვის მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემის დაკისრებას და რელიგიის ნიშნით მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას ითხოვდნენ. ორგანიზაციის თქმით, 2019 წელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია, თუმცა მერიას ნებართვის გაცემა არ დააკისრა. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის გეგმები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე გადაიდო. 2012 წლის აგვისტოში, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართული ოცნება გაარკვევდა და „სააშკარაოზე გამოვიტანთ ყველაფერს, რაც ამ მტკივნეულ და საჩოთირო საკითხთანაა დაკავშირებული“.

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ 2018 წელს, ამ პოსტზე დამტკიცების შემდეგ თქვა – „პრინციპული პოზიცია ჩვენი გუნდის და ხელისუფლების არის, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს ქართული ფულით და ჩვენ ყველა რესურსს და ძალისხმევას მივმართავთ ამ მიზნით“.

Civil.ge