როგორც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წერილშია ნათქვამი, რომელიც მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა და საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მედიაომბუდსმენმა ირმა ინაშვილმა ორგანიზაციაში მიმდინარე წლის 28 მარტს გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მიიღო, ევროკავშირი საქართველოს პენიტენციარული სისტემის მდგომარეობას და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მეტი ყურადღებით დააკვირდება.
ამასთან, რიინა კიონკა აღნიშნავს, რომ ევროკავშირში აღრიცხვაზე აიყვანენ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ატარებს საკმარის ღონისძიებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. გარდა ამისა, ევროკავშირი გააგრძელებს მონიტორინგს, თუ როგორ ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება სამოქმედო გეგმას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, დემოკრატიული მართვის ხელშემწყობი ზომების მიღებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებით, კერძოდ, პატიმართა მდგომარეობის, ისევე, როგორც შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზების უფლების კუთხით.
რიინა კიონკას განცხადებით, ეს თემები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა შესახებ დიალოგის ფარგლებში განიხილება, რომლის სამი რაუნდიც უკვე შედგა.
„ნება მიბოძეთ, დაგარწმუნოთ, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაში პრიორიტეტულად რჩება“, – ნათქვამია კიონკას საპასუხო წერილში.