სამართალი
ერთი – ერთში: უკრაინას საქართველოს ბედი ეწევა - არნო ხიდირბეგიშვილი

     ... არსებობს ისეთი ყველასათვის საყვარელი შოუ - "ერთი–ერთში", სადაც მომღერლები სხვა მომღერლებს ბაძავენ, ჟიური კი აფასებს, რამდენად ზუსტად გამოუვიდათ.

ცნობილმა შოუმენმა ზელენსკიმ, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის როლს ცხოვრებაში ხორცი შეასხა, უკრაინის მოქალაქეობა უბოძა არანაკლებ ცნობილ შოუმენს - სააკაშვილს, რომელმაც იგი დაარწმუნა, ომი დაეწყო დონბასში, თავისავე უკრაინულ მიწაზე, როგორც თავად სააკაშვილმა დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლოში, თავისავე ქართულ მიწაზე. აქაოდა, დასავლეთი დაგვეხმარება, ჩემი ძველი მეგობარი ბაიდენი, თავის შვილთან ერთად, ძალიან დაინტერესებულია უკრაინაში ფულის საკეთებლად დაბრუნებითო! აბა საამური ცხოვრების გამო ხომ არ გამოაქვეყნა ჰანტერმა თავისი მემუარები, სადაც, დიდი ტირაჟის იმედით, ჰყვება, რომ ის ალკოჰოლიკი და ნარკომანია და გარდაცვლილი ძმის მეუღლესთან თანაცხოვრობსო?!

ზელენსკის მოეწონა სააკაშვილის ავანტიურული პროექტი და დაიწყო დონბასზე იერიშის მზადება, როგორც ეს მოიმოქმედა სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონში 13 წლის წინ. მაგრამ პუტინმა საპირისპირო მხრიდან მიაყენა რუსული ჯარი დონბასის საზღვარს - „წვრთნებისათვის“, როგორც 2008 წელს შეიყვანა 58-ე არმია ჩრდილოეთ ოსეთში, როკის გვირაბთან „კავკასია - 2008“ წვრთნებისათვის.

მერე რომ სააკაშვილივით ჰალსტუხი არ დაეღეჭა, ზელენსკი სასწრაფოდ გაფრინდა თურქეთში ერდოღანთან, მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად – აქაოდა, დამეხმარე, ძმაო, გამომესარჩლე! მე კი, ჩემი მხრივ, ყირიმელ თათრებსაც მივხედავ და ხელსაც მოვაწერ შავი ზღვის ახალ სტატუსს თურქეთით სათავეში, მისი სრუტეებით - ბოსფორით, დარდანელითა და ახალი სტამბულით, და, რა თქმა უნდა, მონტრეს კონვენციის ახალი რედაქციის ქვეშ! კიდევ, უკრაინა უკვე დღეს უკვეთავს უპილოტო საფრენ აპარატებს თურქეთს - ზუსტად ისეთს, როგორიც აზერბაიჯანმა შეისყიდა, რომელმაც სომხებს სძლია ყარაბაღში!

ასეთი ბონუსებისთვის, ერდოღანმა, რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირა ნეზალეჟნაიას მთლიანობას, თუმცა – სიტყვებით, და ჯიბეში ჩაიდო შეკვეთა. მაგრამ სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - რუსეთმა მას ლავროვის პირით ურჩია, მაინცდამაინც არ შეეგულიანებინა უკრაინელი კომედიანტი, რომელმაც ნაპოლეონ ნათამაშევი აქვს და ზედმიწევნით შეიჭრა როლში! უკრაინამ და აშშ–მაც მეტისმეტად შეაგულიანეს სააკაშვილი 2008 წელს, გამოუყვეს ტექნიკა და ინსტრუქტორები, მაგრამ რით დასრულდა ეს?!

მეტი დამაჯერებლობისათვის კი რუსეთმა შეაჩერა ავიამიმოსვლა თურქეთთან "პანდემიის გამო", როგორც 2015 წელს, მას შემდეგ რაც თურქებმა რუსული СУ-24 ჩამოაგდეს სირიაში. და ისევე, როგორც შეწყვიტა საქართველოსთან შარშანწინ გავრილოვის რუსული დელეგაციის შეურაცხყოფის შემდეგ! შედეგად, თურქეთში ტურისტული სეზონი ჩაიშლება, ისევე როგორც საქართველოში 2019 წელს, რადგან თურქეთშიც და საქართველოშიც ძირითადი ტურისტი რუსია, ხოლო ტურიზმი თურქეთისა და საქართველოს ბიუჯეტების შემოსავლის პრიორიტეტული წყაროა.

ამ ყველაფრის შემხედვარე ზელენსკი პანიკამ შეიპყრო და, სააკაშვილის მსგავსად, პუტინს რეკვა აუტეხა - მიპასუხე რა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, მიპასუხე! მაგრამ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა ზელენსკი არ უპასუხა ისევე, როგორც სააკაშვილ 2008 წლის აგვისტოში...

   როგორც ხედავთ, მეგობრებო, ყველაფერი „ერთი–ერთში“"ხუთიანზე" მეორდება: მალე ერდოღანი მოსკოვში გაფრინდება - ბოდიშს მოუხდის "ძმა პუტინს", როგორც უწინ, რადგან თურქეთი ტურისტების გარეშე დაიღუპება; ხოლო უკრაინა, თუ ზელენსკი სააკაშვილის რჩევებს კვლავაც ყურად იღებს, საქართველოს ბედს გაიმეორებს და დაკარგავს დონბასს, რომელსაც რუსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნობს.

„საქინფორმი“-მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 13 აპრილი
საქართველო, თბილისი