საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აცხადებს, რომ დაფუძნდება საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“. ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, შემდგომში საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ძალად იქცეს. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე, რადგან პოლიტიკურ ძალას სჭირდება ადამიანური ძალა და ფინანსები.
„ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ეს მოვახერხოთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.
„ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ საშინელების დასრულებისკენ, რაშიც დესტრუქციული და რევანშისტული ძალები გვაცხოვრებენ, სხვათა შორის, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომელმაც ცხრა წელი ვერ შეძლო ხალხის მთავარი დაკვეთის შესრულება და საზიზღარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაშვება. „ქართული ოცნება“ მოწყდა ხალხს და მოწყდა საზოგადოებას. იგი დღეს ცდილობს „ნაციონალების“ გაკოტრებული, რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს პოლიტიკაში, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ჩვენთვის მიუღებელია, როცა „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმშია დასავლეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსამართლოდ ითხოვენ კრიმინალების ციხეებიდან გამოშვებას და ნებისმიერ ფასად მათ პარლამენტში შეყვანას. უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი, დავასრულოთ მუდმივი დესტრუქცია, სიძულვილის ქადაგება, მედიატერორი, დაანონსებული რევანშის მცდელობები, ბელადომანია, პოლარიზაცია და ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, მანქურთიზაცია და თავგამოდებული ბრძოლა ქართულ იდენტობასთან, ღირებულებასთან, ღირსებასთან, ეკლესიასთან, პოლიციასთან. რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებული და „ქართული ოცნების“ უსუსურობით შექმნილი პოლიტიკური მოცემულობა. ჩვენ, ხალხმა და საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე, იმაზე, რომ პოლიტიკოსები გავხადოთ ქვეყნის მსახურები“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ამასთან, გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე დააკონკრეტა, რომ მოძრაობა აქციების გამართვას აღარ აპირებს.
„ერთხელ გამოვედით, დავფიქსირდით, რომ ძალიან ბევრნი ვართ და რატომ უნდა შევაწუხო ხალხი“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.